ვინ იყო კახი კავსაძის მამა, მომღერალი დათა კავსაძე, რომელიც ქერჩის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა

დათა (დათაშკა) კავსაძე დაიბადა 1907 წლის 10 აგვისტოს ცნობილი ლოტბარისა და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელის, სანდრო კავსაძის ოჯახში. ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და უბადლო სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის ათვისება, სამივე ხმის დამახსოვრება.

სანდრო კავსაძე დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა და ოჯახიც იქ ჰყავდა. საშუალო სკოლა დათაშკამ ჭიათურაში დაამთავრა. სანოტო სისტემა მამამ შეასწავლა, თან, პატარაობიდანვე მღეროდა მის გუნდებში. პარალელურად, ხუთი წლის განმავლობაში ლოტბარობდა სასკოლო გუნდს. 1926 წელს, სიმწიფის ატესტატის მიღებისთანავე,  შორაპნის რკინიგზის სკოლაში დანიშნეს სიმღერის მასწავლებლად, ხოლო მომდევნო წელს ქუთაისში გადაიყვანეს ვაჭრობის მუშაკთა კლუბის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად.

1929 წელს ძმები დათაშკა და გიგუშა კავსაძეები, საქართველოს პირველ, მეორე და მესამე ოლიმპიადაზე სანდრო კავსაძის ტყიბულის მაღაროელთა გუნდის წამყვანი ხმები იყვნენ. 1935 წლიდან — აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის სოლისტები.

1929 წელს დათა კავსაძე თბილისის მე-2 მუსიკალურ ტექნიკუმში შევიდა. მან სამ წელიწადში გაიარა მთელი სასწავლო პროგრამა და 1932 წელს კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პერიოდში შექმნა სიმღერები: „მუხამბაზი“, „საკოლმეურნეო“, „შაირული შეკამათება“ და სხვა, რომელთაც გუნდები წარმატებით ასრულებდნენ.

1937 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გრიგოლ (გიგუშა) და დავით (დათაშკა) კავსაძეების მიერ შესრულებულმა დუეტებმა და სოლო სიმღერებმა. მათ შორის გამოირჩეოდა ძმების ნამღერი «მეტივური», სადაც ისინი ოსტატურად იყენებდნენ როგორც პირველ, ისე მეორე ხმის ხვეულებს და ხალხური კოლორიტის სრული დაცვით აწვდიდნენ მსმენელებს ამ შესანიშნავ პოლიფონიურ სიმღერას. 

მესამე კურსიდან დათა  სადირიჟორო ფაკულტეტზე გადავიდა, სადაც სპეციალობას ალექსანდრე გაუკი ასწავლიდა. იმავე დროს ხელმძღვანელობდა თბილისის სკოლებისა და ტექნიკუმების გუნდებს. პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის წამყვანი ხმა იყო.

სანდრო კავსაძის მძიმე ავადმყოფობის გამო 1939 წლიდან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდს, ფაქტობრივად, დათა კავსაძე ხელმძღვანელობდა. 1938-1940 წლებში ანსამბლმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და დიდ აუდიტორიას გააცნო ქართული მუსიკალური ფოლკლორის საოცარი პოლიფონია.

1941 წლის 12 დეკემბერს 34 წლის დათაშკა კავსაძე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. არავის გახსენებია ჯავშანი, რომელიც მას ეკუთვნოდა, როგორც სახელმწიფო ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს.

ქართველ მებრძოლთა დიდი ნაწილი 1942 წელს ქერჩთან ბრძოლებში დაიღუპა. გიგუშა კავსაძეც აქ დაიღუპა, ხოლო დათაშკა ტყვედ ჩავარდა.

პოლიტხელი დათა კავსაძე გერმანელებმა ტყვედ 1942 წლის 18 მაისს აიყვანეს. ოფიცრებსა და პოლიტხელებს გერმანელები ადგილზე ხვრეტდნენ. დათაშკა შემთხვევით გადარჩა, რადგან რიგითი ეგონათ. თავდაპირველად იგი ქ. ჯანკოის ტყვეთა ბანაკში მოათავსეს, 1942 წლის აგვისტოში პროსკუროვის ბანაკში გადაიყვანეს, 1943 წლის მარტის თვეში – ვუსტრავის დახურულ ბანაკში, 1944 წლის აპრილიდან კი, ვუსტრავის ღია ბანაკში.

ღია ბანაკში მოხვედრისთანავე დათა კავსაძემ კავშირი დაამყარა გერმანიის აღმოსავლეთ სამინისტროს ქართული განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი მაღალაშვილთან.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ქართველი ემიგრანტების ხელშეწყობით, მან პარიზში გაიარა მკურნალობის კურსი და კვლავ ვუსტრავის ბანაკში დაბრუნდა, სადაც ემიგრანტთა თხოვნითა და მათივე დახმარებით ქართველი ტყვეებისგან მომღერალ-მოცეკვავეთა ეთნოგრაფიული გუნდის ჩამოყალიბებას შეუდგა. რეპერტუარს თავადვე არჩევდა. ქართველი ტყვეების მორალური სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მან  დაწერა სიმღერა – „თეთრი გიორგი“.ასრულებდნენ, აგრეთვე, მენშევიკურ ჰიმნს – „დიდებას“.

გარდა სიმღერისა, ამ გუნდის არსებობას სხვა დანიშნულება და მიზანი ჰქონდა. მომღერლების მოძიების საბაბით, დათაშკა კავსაძე საკონცენტრაციო ბანაკებში შედიოდა და ხმამაღლა ყვიროდა: „ვინც ქართველი ხართ, გამოდით!“ ვისაც ქართული ესმოდა, ყველა გამოდიოდა: აზერბაიჯანელი, სომეხი, ებრაელი, რუსი. ამდენი კაცი გუნდში რად გინდაო, უკვირდათ გერმანელებს?! ესენი ჯერ ავადმყოფები არიან, გამოკეთდებიან და გაირკვევა, ვის შეუძლია სიმღერა და ვის არაო, – უხსნიდა დათაშკა. რამდენიმე პატიმარს ჩუმად ჩაულაპარაკებია, სიმღერა არ ვიცითო, მაგრამ დათაშკას უპასუხია: წამოდი, წამოდი, თავს უშველეო. ასე გადაურჩა ტყვეობაში გაუსაძლის ყოფას მრავალი ადამიანი.

დათა კავსაძის გუნდს მართლაც ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. 1943 წლის 26 მაისს ბერლინში, ბეთჰოვენის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გუნდმა სიმღერით აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დათა იყო ამ საღამოს მხატვრული გაფორმების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი. 1943 წლის ივლისში მან პოლონეთის კრუშინოსა და კელცის ბანაკებიდანაც მოახერხა ხალხის გამოყვანა გუნდის შესავსებად.

დათა კავსაძე კონცერტებს ატარებდა ტყვეთა ბანაკებში, გერმანელთა არმიის ნაციონალურ ლეგიონებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში. 1944 წლის ივლისში ქ. პოსტდამში გუნდი კონცერტით  წარდგა კავკასიურ საღამოზე, რომელიც ქართველი და სომეხი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული.

1944 წლის ოქტომბერში, ქართველი ემიგრანტების – ფრიდონ წულუკიძის, მიხეილ კედიასა და გოგი მაღალაშვილის გადაწყვეტილებით, ანსამბლის წევრები ჩაირიცხნენ გერმანიის არმიის – „სს“, ქართულ საკაველერიო პოლკში, რომელსაც პოლკოვნიკი წულუკიძე მეთაურობდა. კავსაძემ მიიღო ობერშტურმფიურერის წოდება და თვიური სარგო 300 მარკის ოდენობით. 1945 წლის აპრილისთვის აღნიშნულ პოლკში 500-მდე ჯარისკაცი ირიცხებოდა. მაშინ უკვე დაწყებული იყო ბერლინის ევაკუაცია და  საკაველერიო ლეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში გადაისროლეს პარტიზანებთან საბრძოლველად. სწორედ ამ დროს მიიღო დათა კავსაძემ გადაწყვეტილება, თავის გუნდთან და „სს“-ის სხვა წევრებთან ერთად, შეერთებოდა იტალიელ პარტიზანებს. 1945 წლის 10 მაისს ისინი ქ. პაულარში ჩაბარდნენ ინგლისის ჯარის ნაწილებს. მათი გადაცემა საბჭოთა სარდლობისთვის კი ქალაქ ტორონტოში განხორციელდა.

დათა კავსაძეს ყველა ურჩევდა არ დაბრუნებულიყო საბჭოთა კავშირში, რადგან აუცილებლად დააპატიმრებდნენ. მიუხედავად ამისა, მან სამშობლოში, ცოლ-შვილთან დაბრუნება გადაწყვიტა. ოჯახი და ნათესაობა საგანგებოდ მოემზადა დათას დასახვედრად და დათქმულ დღეს თბილისის რკინიგზის სადგურში ელოდნენ მატარებელს, თუმცა ამაოდ. დათაშკა კავსაძე შინსახკომის თანამშრომლებმა 1946 წლის 10 იანვარს სოჭში დააპატიმრეს.

ხუთთვიანი კვლევა-ძიების შედეგად, 1946 წლის 11 მაისს გამოცხადდა განაჩენი. დათა კავსაძეს ბრალი დაედო სამშობლოს ღალატში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, შრომა-გასწორების ბანაკში.

მეუღლემ, თამარ ცაგარეიშვილმა და შვილებმა — კახიმ და იმერმა ფრონტიდან დაბრუნებული დათაშკა პირველად უშიშროების იზოლატორში ნახეს, მეორედ ორთაჭალის ციხეში გისოსებს მიღმა აჩვენეს, 1946 წლის 2 თებერვალს მისულებს კი უთხრეს, სხვაგან გადაიყვანესო და ამანათი აღარ დაიტოვეს.

დავით კავსაძე 1946 წლის 22 აგვისტოს სსრკ შინსახკომის ჩრდილოეთ ურალის ბანაკში, სვერდლოვის მხარეში გადაასახლეს. დათაშკამ იქაც ჩამოაყალიბა პატიმართა გუნდი.

მეუღლემ მხოლოდ ერთხელ შეძლო მისი მონახულება ციმბირში.

1946 წლის 17 სექტემბერს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი.

დათა კავსაძე 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა. უცნობია მისი საფლავი. საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ანსამბლის სხვა წევრებიც დააპატიმრეს და გადაასახლეს.

თამარ ცაგარეიშვილმა–კავსაძემ 1959 წლის 22 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორს მეუღლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა. პასუხი უარყოფითი მიიღო.

დათას უფროსი ვაჟია ცნობილი მსახიობი კახი კავსაძეა, უმცროსი ვაჟი – იმერი კი, საოპერო მომღერალი. ისინი ბავშვობაში მუსიკალური ათწლედიდან გარიცხეს, როგორც „ხალხის მტრის შვილები“, მაგრამ მაინც ფეხზე დადგნენ და მამა არ შეურცხვენიათ.

ქართველი ლოტბარისა და სახელმწიფო ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის, დათა კავსაძის დაჭერისა და გადასახლების შემდეგ მისი სახელის ხსენება საბჭოთა კავშირში სასტიკად აიკრძალა. კავსაძეების გვარი თითქოს არც არსებობდა ქართულ ხალხურ სიმღერაში. დათაშკას მწირი ბიოგრაფია პირველად 1966 წელს დაიბეჭდა ლადო გეგეჭკორის წიგნში – „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“ – დაბადება-გარდაცვალების თარიღების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები