ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” სააკაშვილს 2024 წლამდე ციხეში შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, თუ მისი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ არ დადგა
“ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს 2024 წლამდე ციხეში შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, თუ მისი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ არ დადგა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, უკიდურეს მომენტამდე “ქართული ოცნება” სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალაუფლებისთვის სერიოზული ბრძოლაა.
“საგულისხმოა კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატები “ქართულ ოცნებასთან” აწარმოებდნენ ფარულ მოლაპარაკებას. ითქვა ისიც, რომ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე სააკაშვილი თავად გააკეთებდა განცხადებას. ვინაიდან ექსპრეზიდენტი ასეთ განცხადებას ჯერ არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ელოდება. ძალიან კარგად მესმის მისი, არ სურს თავად გაახმოვანოს ის, რასაც ადვოკატები ამბობენ და მისი ნათქვამი ხელისუფლებამ უპასუხოდ და ურეაქციოდ დატოვოს. ახლა იმაზეც ლაპარაკობენ, თითქოს საქმეში ამერიკელები აპირებენ ჩართვას და სიტუაცია მათი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა. მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი სიმართლე ის არის, რომ სააკაშვილს ციხიდან თავის დაღწევა სურს. ის დარჩება ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში, იმისდა მიუხედავად, იქნება თუ არა ქვეყანაში. “ნაციონალურ მოძრაობაში” ისევ დარჩებიან მისი მხარდამჭერები, როგორი განცხადებაც უნდა გააკეთოს ხვალ-ზეგ. საქართველოს ისტორიაში ყოფილა ასეთი ან მსგავსი ფაქტები, როდესაც ამომრჩეველი თავისი ლიდერის ერთგული დარჩა. ზვიად გამსახურდია ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ხალხი მის გამოჩენას მაინც ელოდა. ჩვენ მოგვწონს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს ხელისუფლება. თუ ხელისუფლების განცხადებებს დავუჯერებთ, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მათ არა აქვთ სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტი და ოპოზიცია მათგან აბსურდულ რაღაცას ითხოვს. ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის შეთავაზება, გამიშვით ციხიდან და გავალ პოლიტიკიდანო, ჰაერშია დარჩენილი. თუმცა მაინც მგონია, ხელისუფლებასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება ისევ გრძელდება. რაც შეეხება “გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივას, – ნუთუ ასეთი გულუბრყვილონი არიან? ვის აწყობს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ასეთი ფორმით? არც “ქართულ ოცნებას” და არც “ნაციონალებს”. “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის სახით მტრის ხატი სჭირდება და ჰყავს კიდევ, რატომ გაუშვებს ამ კოზირს ხელიდან? მით უფრო ყველამ ვიცით, რა მოტივითაც ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის გათავისუფლება კი აწყობს, მაგრამ იმ ფორმით არა, როგორც “გირჩი” და “მოქალაქეები” ამბობენ. დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ პარტიაში სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლას უმრავლესობის მხარდაჭერა არა აქვს. პოლიტიკისგან თავისუფალი სააკაშვილი არავის სჭირდება, მისი ოჯახისა და მეგობრების გარდა. ასე რომ, ხელისუფლება სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება და ფატალური შედეგის საფრთხე დადგება. აშკარაა, მმართველი გუნდი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კარგად იცნობს. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ კონსულტაციები აქვთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ექიმებთან, უბრალოდ, ამის სააშკარაოზე გამოტანა არ აწყობთ. ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს 2024 წლამდე ციხეში შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, თუ მისი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ არ დადგა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, უკიდურეს მომენტამდე “ქართული ოცნება” სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებს. თუმცა, განვიხილოთ თეორიული შანსი, თუ რა შეიძლება მოხდეს მისი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობაში” და საზოგადოდ, ოპოზიციურ ველზე. “ნაციონალურ მოძრაობაში” სერიოზული ბრძოლაა ძალაუფლებისთვის. ყველა ცდილობს მოხვდეს 2024 წლის სადეპუტატო სიაში. ამომრჩეველი ჰყავთ და ახლა პირველი ვეზირობისთვის მიდის ბრძოლა. არის ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ისევ სააკაშვილის გამო აძლევს ხმას. პარტიაში ლიდერების დაპირისპირება სწორედ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება. ერთი ჯგუფი ნიკა მელიას ადანაშაულებს, რომ საკმარისი არ გააკეთა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად. მაგრამ პოლიტიკურმა ელიტამ კარგად იცის, რომ მელიამ მართლა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რეალობა იყო ისეთი, არ გამოვიდოდა სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იციან და მელიას იმიტომ ადანაშაულებენ, რომ სააკაშვილის გულმხურვალე ამომრჩეველი მიიმხრონ. ვერ გეტყვით, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის რამდენ პროცენტს შეადგენს კონკრეტულად სააკაშვილის ელექტორატი, მელიას მათზე რა გავლენა აქვს, მაგრამ ფაქტია, გუნდში დაპირისპირების მთავარი საგანი სწორედ სააკაშვილის პატიმრობაა”, – აცხადებს ძაბირაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე: “სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” ისევ გაიყოს?”,- პასუხობს: “არ არის გამორიცხული. 2016 წელსაც მოხდა განხეთქილება, პარტიის პოლიტიკურმა ბირთვმა დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” შექმნა. მაშინ ელექტორალურადაც გაიყო პარტია, მაგრამ უმრავლესობა სააკაშვილის გუნდის მხარეს დარჩა. თუმცა მაშინ ერთი ასეთი ფაქტორი იყო – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ჯერ კიდევ ზენიტში იყო. დღეს მისი იმიჯი მთელი ამ ექვსთვიანი ეპოპეისა და კიდევ ბევრი მიზეზის გამო ისეთი აღარ არის. ამიტომ ძნელად სათქმელია, როგორ გაიყოფა ელექტორატი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით – ხუთპროცენტიან ბარიერს ორივე “გადმონაშთი” გადალახავს. აი, ასეთი რეალობა შეიქმნება, თუ სააკაშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა ეს ძნელად წარმომიდგენია და არც ამომრჩეველი დაიჯერებს. რაც უნდა მოხდეს, მისი ელექტორატი იტყვის, რომ სააკაშვილმა ასეთი განაცხადი მხოლოდ ციხიდან თავის დაღწევის მიზნით გააკეთა, აბა, თავს ხომ არ შეაკლავდა “ოცნებასო”. ასე რომ, წავა თუ არა სააკაშვილი, მისი ფაქტორი მაინც დარჩება პარტიაში”.