შპს „თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი გიორგი პაპავა, პროექტის განხორციელების ჯგუფის (PIU) წარმომადგენლებთან ერთად, კუნძულ კრეტაზე იმყოფებოდა, სადაც ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

შპს „თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი გიორგი პაპავა, პროექტის განხორციელების ჯგუფის (PIU) წარმომადგენლებთან ერთად, კუნძულ კრეტაზე იმყოფებოდა, სადაც ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია კომპანია DEDISA-ს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ობიექტს ეწვია. აღნიშნული ობიექტი მუნიციპალურ ნარჩენებს სრულ ციკლში ამუშავებს და ცხრა სხვადასხვა ნაკადად დაყოფილ შეგროვების სისტემას იყენებს, რაც მათ შორის, გადამუშავებადი მასალების, ბიონარჩენების, მინისა და ტექსტილის ცალ-ცალკე შეგროვებას გულისხმობს.

კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ESDAK-ის მიერ მართული და Thalis Environmental Services S.A.-ის მიერ ოპერირებული MBT ქარხანა, სადაც შერეული მუნიციპალური ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავება, ბიოგაზის წარმოება და მისი ენერგიად გარდაქმნა ხდება. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და კონტრაქტების მართვის იმ პრაქტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისის ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებისთვის.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო PIU-ის წარმომადგენლებისთვის მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავებისა (MBT) და მასალების აღმდგენი (MRF) ობიექტების რეალური მუშაობის პროცესის გაცნობა იმ მასშტაბსა და ტექნოლოგიურ დონეზე, რომელიც დიდი ლილოს ტერიტორიაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურას შეესაბამება. ვიზიტი ასევე ემსახურებოდა ინსტიტუციური ცოდნის გაღრმავებას კონტრაქტების მართვის, ოპერატორის ზედამხედველობისა და ევროკავშირისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (EU/IFI) პროექტების ანგარიშგების მიმართულებით.

მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება თბილისში დაგეგმილი ნარჩენების გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელებისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები