“არგვეთის” ორგანიზებით, საჩხერეში თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა

“ა(ა).ი.პ. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის – ,,არგვეთი“ ორგანიზებით საჩხერეში თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფერდობებზე გაიჭრა სადაზვერვო თხრილები და შურფები. აღმოჩნდა რამდენიმე პერიოდის ძეგლი.

“დაფიქსირდა ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ფენები და არტეფაქტები. ძვ. წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის სამარხი და წინარე ანტიკური პერიოდის ქვის კედელი. აღმოჩენილი მასალები კარგად თარიღდება ძვ.წ. VIII-VII (ფლეთილი ქვის კედელი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები). კერამიკული არტეფაქტები თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანის, ძვწ. III ათასწლეულის შუა ხანით და წინასწარულად მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარების ეტაპს მოიცავს.

გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ თოდაძის ციხეზე არსებობს მრავალეტაპიანი არქეოლოგიური ობიექტი.

• ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი

• წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი

• ადრე ელინისტური ხანის სამაროვანი

• გვიანანტიკური ხანის სამაროვანი

• ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლარი

არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობა მოინახულეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, მოადგილე ოთარ ომიაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ და ჯურხა ნადირაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამარ კაციტაძემ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის ა(ა).ი.პ. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის ,,არგვეთი“ ისტორიკოსსა და არქეოლოგ ზურაბ ბრაგვაძეს ჩატარებული სამუშაოებისთვის და მოწოდებული ანგარიშისთვის-,,არქეოლოგიური დაზვერვები თოდაძის ციხეზე 2022 წელს“.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ჩაბარდა ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მასალის ნაწილი (ადრე ბრინჯაოს ხანის კერამიკა და სამარხის ინვენტარი) უკვე გამოფენილია მუზეუმის ექსპოზიციაში და ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები