“აფხაზეთი დონბასს მხარს დაუჭერს” – ბჟანია
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ “აფხაზეთი დონბასის მოსახლეობას მხარს სულ დაუჭერს”.
ამის შესახებ მან ტელეგრამ არხ Sputnik Ближнее зарубежье-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ აფხაზეთიდან ჩასული ჯგუფი იბრძვის, ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ, ძალიან სწრაფად ვცდილობდით მოსახლეობის დახმარებას. ჩვენთან 100-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა.დავაბინავეთ, და, როგორც მოგვიანებით მითხრეს, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მეუღლესთან ერთადაც მოვინახულე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დონბასელებს, რადგან შედარებით ცოტა ხნის წინ მსგავსი რამ აფხაზებმა განიცადეს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ბჟანიას თქმით, აფხაზეთიდან ჩასული მოხალისეები დონბასელებს იცავენ, რომ ხელი შეუშალონ ნატო-ს გეგმას, რომელიც რუსული სახელმწიფოს განადგურებას ცდილობს.
„ამ პროცესების ორგანიზატორებს აქვთ შორსმიმავალი გეგმები, რომელთა საბოლოო მიზანია რუსული სახელმწიფოს დანაწევრება, მისი დაშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ უახლოვდება ყოველწლიურად ნატო-ს სამხედრო ბლოკი რუსეთის საზღვრებს“, – აღნიშნა ბჟანიამ.
რუსეთის შემდეგ, ბჟანიამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ე.წ. განკარგულებას ხელი 25 თებერვალს მოაწერა.