ვახტანგ ძაბირაძე: ბოლო 30 წელიწადია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ

“ბოლო 30 წელიწადია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომ ის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, მაგრამ თვითონაც მსგავსად იქცევა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ევროპელების ლაპარაკი დეპოლარიზაციაზე ქვეყნის დესტაბილიზაციისგან დაცვის სურვილით არის გამოწვეული.

“ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია და რომელიც ჩვენი ხელისუფლების წყალობით შეიქმნა. ხელისუფლება აშკარად ცდილობს, დასავლეთის მიმართულებით ქვეყნის სვლა შეანელოს, რის მიზეზიც მგონია მისი სიფრთხილე, ანუ ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. ხელისუფლებას ეშინია, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგაც. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ცდილობენ ე.წ. ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. პროდასავლურ კურსზე უარს ღიად ვერ ამბობენ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული, თუმცა, ფაქტობრივად, ხელისუფლების ნაწილი, ცნობილი სამეული გაშმაგებულ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას ეწევა. ამავდროულად, შენარჩუნებულია აბსოლუტურად ალოგიკური ბრალდება, რომ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ხელისუფლება დაჟინებით, ვიმეორებ, სრულიად ალოგიკურად ცდილობს ჩვენი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. რეალურად დასავლეთს დღეს არათუ საქართველოს ომში ჩათრევა, აქ დესტაბილიზაციაც კი არ აწყობს. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის რეკომენდაციების შესასრულებლად თავდაპირველად მოცემული 6-თვიანი ვადა მთელი წლით გააგრძელეს. დიდი ალბათობით, ევროპელებმა კარგად დაინახეს, რომ ექვს თვეში ამ რეკომენდაციების შესრულებას ხელისუფლება ვერ შეძლებდა, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა დიდი საპროტესტო აქციები, რაც შექმნიდა არასტაბილურ გარემოს. სწორედ ამისგან თავის დასაზღვევად გადასწიეს ეს ვადა. ქვეყნის დესტაბილიზაციისგან დაცვის სურვილით არის გამოწვეული ევროპელების გაუთავებელი ლაპარაკი დეპოლარიზაციაზე, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, ჩაერთოს იმ პოლიტიკურ პროცესში, რასაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება ჰქვია… ჯერ ერთი, ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის – ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა, რუსულ სამხედრო ძალებს შევუქმნათ ისეთი პრობლემები, რაც მის უკრაინაში შეჭრას შეუმსუბუქებს. ეს ხელისგულზე დევს და ყველამ მშვენივრად იცის. ამის გარდა, დასავლეთს, რომლის მთელი ყურადღება და შესაძლებლობები მიმართულია უკრაინისკენ, რაში სჭირდება კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის კერა? მთელი შუა აზიისა და ჩინეთის საგზაო მარშრუტი ევროპისკენ ჩვენზე გადის.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ენერგოდერეფანი, რომელშიც, აზერბაიჯანის გარდა, შესაძლოა, ჩაერთოს ყაზახეთი და მთელი შუა აზია – მე ვლაპარაკობ არა მხოლოდ გაზზე, არამედ ნავთობზეც, ასე რომ, დღეს არათუ საომარ მოქმედებებში ჩვენი ჩართვა, არამედ დესტაბილიზაციაც კი არ აძლევს ხელს დასავლეთს. თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ისევ და ისევ რუსეთია. მაგრამ რუსეთსაც პრობლემები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მას კი შეუძლია არასტაბილურობა გამოიწვიოს, მაგრამ მერე მისი მართვა ექცეს დიდ გასაჭირად. ასეთი არაპროგნოზირებადი ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთიც მოერიდება, რადგან ის ქმედებას იწყებს მაშინ, როცა აქვს გარკვეული გარანტია, რომ პროცესს ნაწილობრივ მაინც გააკონტროლებს.

გასულ კვირას დიდი ამბავი ატყდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კასიანოვთან დაკავშირებით, მაგრამ არ მესმის, რატომ, რა თქვა ისეთი, რომ “ქართული ოცნება” ასეთი მასშტაბით ალაპარაკდა ისევ ომის თემაზე – მას ხომ ომი არც უხსენებია! როდესაც თქვა, საქართველოდან მეტ მხარდაჭერას ველოდითო, იგულისხმებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა და ამაში, შესაძლოა, სანქციებს გულისხმობდა, ან სულაც მხოლოდ მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებისგან ძალიან ძუნწად მოვისმინეთ. რა გასაკვირია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მეტს ელოდნენ?! ან რა შუაშია იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ომში რომ არ ჩავერთეთ, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, დიახ, ზოგადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი დადგა სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ეს იქცა შანსად საქართველოსთვის, მაგრამ უარი გვითხრეს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებისა და განცხადებების გამო, იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ომამდეც აკეთებდნენ.

ბოლო 30 წელიწადია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ… დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომ ის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, მაგრამ თვითონაც მსგავსად იქცევა, თუ საქმე საქმეზე მიდგება, არც ისინი ითვალისწინებენ დასავლელი პარტნიორების რჩევებს. ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ, ამის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. ამ ძალამ ვერ გაიგო, რომ თავისი მოქმედებებით ხშირად სწორედ ხელისუფლებას ახეირებს ხოლმე.აშკარაა, რომ არც ხელისუფლებას და არც “ნაციონალურ მოძრაობას” რეალური დეპოლარიზაცია ხელს არ აძლევთ. არც ერთ მათგანს არ უნდა ანგარიშგასაწევი მესამე ძალის გაჩენა, ამიტომაც აშინებთ პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკური პროცესის ნორმალური რეჟიმით წარმართვა, შედეგად კი ვტრიალებთ ამ ჯადოსნურ წრეზე. “ქართულ ოცნებას” ამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ზოგიერთი პუნქტის შესრულება დიდად არ სწადია და, სავარაუდოდ, არც შეასრულებს, არამედ ეცდება, ეს გადააბრალოს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ისე ჩანს, რომ ამ 12 პუნქტის შესრულება მაინცდამაინც არც “ნაციონალურ მოძრაობაში” სურთ. შესაძლოა, იმედი აქვთ, რომ თუ საქართველოს მომავალ წელსაც არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს, ამის მერე ააგორებენ დიდ საპროტესტო აქციებს და ახალ პოლიტიკურ პროცესს დაიწყებენ, რაც, ჩემი აზრით, სრულიად მცდარი ტაქტიკაა.

“ქართული ოცნება” მოქმედებს პრინციპით – “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია”. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ იქნება – პრეზიდენტი თუ პარტიის რიგითი წევრი. ის ითხოვს სრულ მორჩილებას ყველასგან, მათ შორის პრეზიდენტისგან. გაიხსენეთ, ასე იყო წინა პრეზიდენტის შემთხვევაშიც… სალომე ზურაბიშვილი კარგა ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა მას მერე, რაც “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე თქვა უარი. ეს პროცესი ნელ-ნელა განვითარდა, ბოლო ხანს კი პრეზიდენტი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ისე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე. ის იმეორებს იმას, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ითხოვენ ხელისუფლებისგან. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, პრეზიდენტი არ არის მხოლოდ ნოტარიუსი, მას ელჩის დანიშვნის პრობლემა თუ აქვს, შეუძლია ამაზე ლაპარაკი. კონსტიტუციაში წერია, რომ მას თვითონ არ შეუძლია ელჩის დანიშვნა და რომ ეს ხდება მხოლოდ მთავრობის წარდგინების შემდეგ. თუ ვინმეს დანიშვნაზე ამბობს უარს, მას უნდა ჰქონდეს არგუმენტები, რაც, ალბათ, აქვს კიდეც. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, თუ პრეზიდენტი უარს ამბობს ვინმეს დანიშვნაზე, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, ასეთ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია წარადგინოს სხვა კანდიდატურა და პრობლემაც მოგვარდება, აქ მე ვერაფერს ვხედავ ანტიკონსტიტუციურს. არ მგონია, “ქართულმა ოცნებამ” იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ეს რომც შეძლოს, რაც ძალიან სათუოა, არა მგონია, ეს ხელს აძლევდეთ, რადგან პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მათთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს”, – აცხადებს ძაბირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები