საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში მიიღო მონაწილეობა
გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში, საქართველოს სახელით, სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანი იყო წარდგენილი. 60 ქვეყნის ახალგაზრდა იტალიაში ქალაქ სორენტოში რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდა ტურიზმის განვითარების ხედვას. სამიტზე ახალგაზრდებს სხვადასხვა მასტერკლასი ჩაუტარდათ.
ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სპეციალური სტუმრისა და საპატიო ელჩის სტატუსით მიწვეულმა ცნობილმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთანაც.
სამიტის ფარგლებში, მაღალი რანგის მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო. სამიტი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა სოფი ლორენმაც.
ღონისძიების ფარგლებში, სადისკუსიო პლატფორმებზე ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სფეროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.