ეკონომიკური პროფილის მინისტრები სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ხაზი გაესვა ახალი სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივის გაზრდას, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების ხელშეწყობას, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმები და ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემები. ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიმდინარე წლის 5 თვის მდგომარეობით, ასევე სამომავლო პროგნოზები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს საგარეო შოკების მართვის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება აქვს და არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, მყისიერი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით.
მისი თქმით, სსფ მხარს უჭერს მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ფისკალური დეფიციტის, ინფლაციისა და საგარეო მოწყვლადობების შემცირებაზე, ისევე როგორც სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ზრდის გასაძლიერებლად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სავალუტო ფონდის მჭიდრო ურთიერთობას.
ითქვა, რომ ფონდი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მათ შორის ტექნიკური დახმარების საშუალებით. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენა როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ეკონომიკაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში.