„წელსაც   მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ეს მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზმაც აჩვენა“ – გიორგი ცუცქირიძე მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ საუბრობს

ის,  რომ ჩვენ ამ წელსაც   მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება,   უკრაინული ომის ზეგავლენა ისეთი ნეგატიური  არ იქნება,  როგორიც ჩანდა,   მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზმაც აჩვენა. მსოფლიო   ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი   5,5 % -მდე გაზარდა, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში სარეკორდოდაა გაზრდილი.

„დღეს ყველაზე საინტერესო 2 საკითხია, როგორია ეკონომიკის განვითარების დინამიკა და როგორაა მასზე ასახული უკრაინის ომის ზეგავლენა, ასევე ის, თუ  როგორ აისახება საპროგნოზოდ მომავალში. 

დავიწყებ იქიდან,  რომ ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მონაცემი დაკორექტირდა. წინასწარი მონაცემი  14, 4 პროცენტი იყო.  ახლა 0,5 პროცენტით დაკორექტირდა და  14,9 %-ია. ანუ წინასწარი მონაცემი გაიზარდა. ეს ძალიან ნიშანდობლივია,  საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.  შესაბამისად იანვარ-აპრილის მაჩვენებელიც დაკორექტირდა:  თუ იყო 10, 8;   გახდა 11, 1%.   დაკორექტირება  რა ფაქტორებმა განაპირობა:   პირველი, უნდა ვთქვათ, რომ მას შემდეგ,  რაც პირველი კვარტლის  პირობითი შეფასება გამოქვეყნდა,  ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში პირდაპირ მონაწილეობს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში სარეკორდოდაა გაზრდილი, დაახლოებით, 4,4 -ჯერ, რაც  მაღალი ციფრია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია –  2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია,  არათუ გასულ წელთან. 2019 წელთან შედარებით 79 %-ითაა გაზრდილი. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები   სტრუქტურულად რომ შევაფასოთ:   გაზრდილია როგორც რეინვესტირების მაჩვენებელი, ისე  –  ინვესტიციები კაპიტალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა ნიშნავს იმას, რომ   ინვესტორებს დივიდენდი არ გააქვთ  და ფულს ქართულ ეკონომიკაში ტოვებენ. ანუ მოლოდინი  პოზიტიურია.

ის,  რომ ჩვენ ამ წელსაც   მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება,   უკრაინული ომის ზეგავლენა ისეთი ნეგატიური  არ იქნება,  როგორიც ჩანდა,   ეს მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზმაც აჩვენა. მსოფლიო   ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა, ეს ასახვაში ივნისში შევა,  პროგნოზით ზრდა  5,5% -მდეა.  პირველ კვარტალში მსოფლიო ბანკმა უკრაინის ომის ზეგავლენის ნეგატიური ეფექტიდან გამომდინარე, ეკონომიკური  ზრდის პროგნოზი 2,5-მდე შეამცირა. ფაქტობრივად, ახლა   2,5-დან  5,5-ზე გადავიდა, რაც ომამდე პროგნოზი იყო.   მთავრობის პროგნოზი უფრო მაღალია, დაახლოებით, 6 %-ია, ცოტა მეტიც“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე,   წელს ეკონომიკური  ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე  მსოფლიო ბანკის პროგნოზია და მაჩვენებელი  დაახლოებით  7,5 %-მდე იქნება.   ცუცქირიძემ ექსპორტის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდა სარეკორდოა იმ ბაზრებზე,  სადაც ადრე ჩვენი პროდუქციის თვალსაჩინო წარმომადგენლობა არ გვქონდა.

„ვნახოთ, რა  ხდება მაისში, როგორია დინამიკა:   ჯერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება, ვთქვათ,  როგორია ექსპორტის,  სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი. ექსპორტი ეკონომიკურ ზრდაში კონტრიბუტორია. მაისში ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე  63%-ითაა  გაზრდილი. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.  ამ ტენდენციიდან გამომდინარე, წელს ზრდა,  ჩემი შეფასებით,   საკმაოდ მაღალი იქნება, უფრო მაღალი ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზია. დღევანდელი მოცემულობით, ალბათ, 7,5 %.

პირველ ხუთ თვეში სავაჭრო ბრუნვა 37 % -ითაა გაზრდილი.   მნიშვნელოვანია,  როგორია  ექსპორტის გეოგრაფია, ანუ  უკრაინის ომიდან გამომდინარე რამდენად  გადაეწყო ჩვენი ეკონომიკა. მართალია, ჩვენს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დღეს რუსეთი ერთ-ერთი წამყვანია,  თუმცა, პირველ ადგილზე დღეს ჩინეთია. ანუ, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა    ყოველწლიურად  დაახლოებით 17 %-ით იზრდება. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის რუსეთი, შემდეგ კი – თურქეთი.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ექსპორტის ზრდა სარეკორდოა იმ ბაზრებზე,  სადაც ადრე ჩვენი პროდუქციის თვალსაჩინო წარმომადგენლობა არ გვქონდა. სარეკორდოა   ზრდა სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ში.  რეგიონულ ქვეყნებში,   თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში ექსპორტი საკმაოდ გაზრდილია.

გეტყვით ქვეყნების მიხედვით:   2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში:  ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 37.8 -ით,  აშშ-ში  175.2%-ით,  პერუში  16-ჯერ მეტად,     ბულგარეთში  84.9%-ით,  თურქეთში 45.3%-ით,  სომხეთში 53.2%-ით,  აზერბაიჯანში 48.5%-ით, შვეიცარიაში   39.8%-ით.

რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას: რუსეთში ადგილობრივი ექსპორტი  მხოლოდ 2.0 %-ით გაიზარდა,  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ  ჩვენს   წამყვან სავაჭრო  პარტნიორ  ქვეყანათა ხუთეულშია.  უკრაინაში, პირიქით, 28.6%-ითაა შემცირებული.  ბოლო წლებში რუსეთი და უკრაინა  ჩვენი სავაჭრო ბრუნვის წამყვანი ქვეყნები იყვნენ. ეს ექსპორტსაც ეხება  და იმპორტსაც.

ჩვენ ვხედავთ, რომ გეოგრაფიული არეალი გაზრდილია.  ექსპორტი გაზრდილია  ევროკავშირის,  აზიის,  რეგიონის და  ამერიკის ქვეყნებში. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა უკრაინის ომის მოცემულობიდან გამომდინარე  გადაწყობას ახდენს. ომმა,  ბუნებრივია, უკრაინასთანაც და რუსეთთანაც  სავაჭრო ბრუნვის ნაკადები შეამცირა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე  თქმით,  მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდება. 

„ინვესტიციებზე გითხარით, რომ სარეკორდო ზრდა არის.  უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ნახევარი  ევროკავშირიდან ინვესტიციებზე მოდის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია,  როცა  ევროკავშირში ჩვენს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ.   მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირიდან  ინვესტიციები, ძირითადად, საშუალო და მაღალტექნოლოგიურ დარგებში შემოდის, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დამხმარე ინდიკატორი და ბერკეტია, რომ  უფრო მეტად  დამატებული ღირებულება შევქმნათ,  რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაში პირდაპირ აისახება.

რაც შეეხება ექსპორტის ასეთ მაღალ მაჩვენებელს, ეს გასულ წლებში სამთავრობო პროგრამების პირდაპირი შედეგია. ვგულისხმობ, პროგრამის –    „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტებს. ასევე მინდა,  აღვნიშნო, რომ ტურიზმი გაცოცხლებულია. მაისში ტურიზმი გასული წლის პერიოდთან შედარებით   თითქმის 100 %-ითაა აღდგენილი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით,  მაღალი ინფლაცია კვლავ პრობლემად რჩება. 

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა სახეზეა,  ლარის კურსი მყარი და სტაბილურია,   გამყარებისკენაა მიმართული,  ერთადერთი,  რაც პრობლემად რჩება, ეს ინფლაციაა. ინფლაციის ტრენდი ჯერ  კიდევ მაღალია. ინფლაცია   მთელს მსოფლიოში მაღალია მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შედეგად,  რაც უკრაინის ომმა გამოიწვია.  არის პროგნოზი,   რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის შედარებით დაიწევს, ალბათ ჩვენთანაც,   ეროვნული ბანკის შეფასებით,   9-10 %-მდე  იქნება. მომავალ წელს, ალბათ,  ნელ-ნელა  მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ეკონომიკა აღმავლობის ტრენდზეა. ეს შემთხვევითი არაა და  მთლიანად  იმ   ეკონომიკური სტრატეგიის დამსახურებაა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები