ირაკლი ზარქუა: 5 წელი მიუსაჯეს ერთს, მეორეს – 3 წელი ძალადობისთვის, სად არიან ეს ევროპარლამენტარები? ვინმეს ახსოვს ეს ახალგაზრდები? ნუ გამოაყენებინებთ შვილებს – ახალგაზრდები გადამზადებას გადიან ბალტიისპირეთში, ამზადებენ 13 სექტემბრისთვის
5 წელი მიუსაჯეს ერთს, მეორეს – 3 წელი ძალადობისთვის, სად არიან ეს ევროპარლამენტარები? ვინმეს ახსოვს ეს ახალგაზრდები? ნუ გამოაყენებინებთ შვილებს. ახალგაზრდები გადამზადებას გადიან ბალტიისპირეთში, ამზადებენ 13 სექტემბრისთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, კარგად გამოჩნდა თუ რა როლი ჰქონდათ როგორც წინა აქციების დროს, ასევე, ახლა, ახალი აქციის მომზადების პროცესში ადგილობრივ მდიდარ „ენჯეოებს“.
„ის, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ვნახეთ და განსაკუთრებით გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ორგანიზაციები, რომლებიც უნდა იცავდნენ შშმ პირების უფლებებს, ატარებდნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს, უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, ამაში იღებენ მილიონობით დაფინანსებებს. აღმოჩნდა, რომ გამოდიან, ახალგაზრდებს ძალადობისკენ ახალისებენ, მიტინგზეც გამოვიდნენ და „დავამხოთ ეს მთავრობა“ – მოწოდებები იყო. აბა, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაბედოს აშშ-ში ან ევროკავშირში, განცხადება მაინც გააკეთოს ამ წესდების მიღმა. წესდებაში სულ სხვა რამე უწერიათ და თურმე ჯიგრები აფინანსებენ გადატრიალებას, პიროტექნიკის შესყიდვას, აირწინაღების, „სპრეის“, სპეციალური ფარების და ხელკეტების, რომ უკეთესად გაუწიონ წინააღმდეგობა და შეტევაზე გადავიდნენ.
დასკვნას რომელიმე ორგანიზაცია თუ დადებს, რომ ამერიკაში მოქმედი კანონი [„ფარა“] არის ადამიანის უფლებების შემლახველი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, მერე უკვე ჩვენც ვიმსჯელებთ, რომ მართლა ხომ არ არის. ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი დემონსტრირება. ის, რაც მისაღებია მათთვის, ჩვენთვის არის მიუღებელი. ხომ ვნახეთ USAID რა სიბოროტეს აფინანსებდა თურმე. ეს ადგილობრივი უსამშობლოების ორგანიზაციები, მდიდარი „ენჯეოშნიკები“ რას აფინანსებდნენ? კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ფარა“ და „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც მივიღეთ, დღესავით საჭირო იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ბალტიისპირეთში ჩაჰყავთ ახალგაზრდები და მორიგი გადატრიალებისთვის ამზადებენ.
„მე მივმართე მშობლებს, რომ ნუ გამოაყენებინებთ შვილებს. გახსოვთ ნოემბერ-დეკემბერში აქციები რომ იმართებოდა, აქ ჩამწკრივებულები რომ ჩამოდიოდნენ ევროპარლამენტარები, საგარეო საქმეთა მინისტრები, რომ მოუწოდებდნენ… 5 წელი მიუსაჯეს ერთს, მეორეს – სამი წელი ძალადობისთვის. სად არიან ეს ევროპარლამენტარები? ვინმეს ახსოვს ეს ახალგაზრდები? ჩვენ გული გვტკივა, რომ ვუყურებთ. იმიტომ, რომ ის ახალგაზრდები გამოიყენეს ამათმა, წაახალისეს, დანაშაული ჩაადენინეს. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო მინისტრები სადმე ჩანან? აი, ასეა. ფეხებზე დაიკიდებენ მომავალშიც. ნუ გამოაყენებინებთ თქვენს შვილებს, მოიკითხეთ. ის ტრენინგები რომ ტარდება, ამზადებენ ძალადობისკენ. თვითონ ისევ მილიონებს ჩაიჯიბავენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.