გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლითა და თანამედროვე სასწავლო სივრცეებით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუშეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
განახლებულ სასკოლო სივრცეებთან ერთად მინისტრმა დაათვალიერა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი – ბორჯომის პროფესიული კოლეჯი, რომლის მშენებლობაც 2025 წელს დასრულდა.
„ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლითა და თანამედროვე სასწავლო სივრცეებით, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილები მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ.
რა თქმა უნდა, აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას. სკოლების გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული კოლეჯი დავათვალიერეთ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ცოდნის გაღრმავებისა და უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
ახალ კოლეჯებში ჩვენ ვაპირებთ მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისი, ინოვაციური მეთოდების დანერგვას. შედეგად, მსურველებს ექნებათ საშუალება, ადგილზე დაეუფლონ სპეციფიკურ პროფესიებს,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ისევე როგორც ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ბორჯომში ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით. უახლესი სტანდარტების შესაბამისი გარემოთი კოლეჯი მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს, ამასთან, აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა თანხვედრაში იქნება ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან.
ბორჯომის კოლეჯის პროექტის სრული ღირებულება 9 513 505.08 ლარს შეადგენს.