თიხით თერაპია კერამიკოს ნატო ერისთავის მეთოდით (ვიდეო)

ნატო ერისთავის ხელობა ისევე გამოიწვა კერამიკაში, როგორც თიხა ღუმელში. შედეგად, ის „თანამედროვე ქართული კერამიკული სამყაროს“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. თიხასთან თამაშში კერამიკოსი ხელოვნების ამ დარგის სპეციალისტი გახდა. „White studio“ -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ სფეროში კიდევ მრავალი სტატუსის მქონე კერამიკოსი, პერსონა – ნატო ერისთავია.

– შეიძლება ითქვას, რომ მთელი არსებით „ქართულ თანამედროვე კერამიკაში“ ხარ…
-ამ მიმართულებით მრავალი წელია ვმუშაობ. დავამთავრე სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი. ჩამოვაყალიბეთ ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდი „თიხის ოფისი“, რომელიც მრავალ ქართველ კერამიკოსს აერთიანებს. უკვე რამდენიმე წელია ვასწავლი სამხატვრო აკადემიაში, ვხელმძღვანელობ საბავშვო ძერწვისა და ხატვის სტუდიას, ვძერწავ და ვაწყობ გამოფენებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დავაფუძნეთ კერამიკოსთა ასოციაცია და გასულ წელს ჩავატარეთ კერამიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი. ჩვენ ასევე დავაფუძნეთ კერამიკის ცენტრი ჯანაშიაზე. სახელოსნო, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს. ეს არის სახელოსნო ზრდასრული ადამიანებისთვის. და მართლაც, სრულიად ამ სფეროში ვარ.3persona
– კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობ?
– ვარ თავისუფალი სტილის არტისტი – ვაკეთებ სხვადახვა ტიპის პროექტებს. უმეტესად კერამიკა მაინტერესებს, თუმცა ვმუშაობ სხვა მასალაშიც. მიყვარს პერფორმანსები. ამისთვის ჩემთვის საიტერესო თემას ვირჩევ და შემდეგ ვამუშავებ. კერამიკული ობიექტების გამოყენებით ჩანაფიქრის ვიზუალიზაციას ვახდენ. ეს საქმიანობა არ არის გათვალისწინებული კომერციიული მიზნებისთვის – ეს ჩემი სამყაროა.
– ყოველთვის იცი, რას აკეთებ, თუ მასალა გაძლებს ლავირების საშუალებას?
– მიყვარს ექსპერიმენტები. ხშირად, იდეის გარშემო ფიქრს მივყავარ ნამუშევრამდე. მაგალითად, მქონდა გამოფენა „აგურის ქარხანა“, რომლის იდეაც იყო ის, რომ აგურსაც კი უნდა, რომ იყოს რაღაც. აგურებით დავიწყე თამაში და ყველა ობიექტი  აგურისგან ნაწარმოები იყო. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
ბაქოში წასაღებად გავაკეთე პერფორმანსი – „ღიმილის ამრეკლავი ობიექტები“. სარკეს აქვს თვისება, აირეკლოს ის ემოცია, რითაც მასში უკანასკნელმა ადამიანმა ჩაიხედა და გადასცეს ეს მუხტი მომდევნოს. ექსპერიმენტში ნებისმიერი მსურველი მონაწილეობდა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან და კონცეფცია იყო, რომ ჩავიტანე ქართველი ხალხის ღიმილი, ეს იყო ერთგვარი მეგობრობის გზავნილი ორ ქვეყანას შორის, რომელიც კეთილგანწყობას ემსახურებოდა. მიყვარს ინტერაქტიული ექსპერიმენტები. ვიგონებ და ვახორციელებ სიამოვნებით.
– თუმცა სათქმელს ბოლომდე არ ამბობ…
– ვცდილობ, რომ თან მიხვდნენ ჩანაფიქრს და თან დავუტოვო მაყურებელს სააზროვნო, ყოველთვის ვტოვებ შეკითხვებს. ჩემი თამაშის წესებს ვთავაზობ. ეს უნდა იყოს მარტივი, სახალისო „გამოცანა“, რომელსაც თვითონ უნდა გასცენ პასუხი. მთავარია გამოფენის შედეგად ადამიანს გაუჩნდეს შეკითხვები.
– შენი ნამუშევრები მრავალფეროვანი მასალისგან შედგება.
-კი, ნაკეთობებისთვის ნებისმიერ მასალას ვიყენებ – რაც დიზაინს მოუხდება: რკინას, შუშას, სარკეს…
– რაც შეეხება თქვენს სტუდიას „WHITE STUDIO“-ს, რას იტყოდით?…
-„WHITE STUDIO“ მე და ნინო კამბარაშვილმა შევქმენით, მე ვარ პროფესიონალი კერამიკოსი და ნინო – დიზაინერი. ჩვენ გვყავს შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც 6 მხატვრისგან შედგება. ისინი ამზადებენ კერამიკის ნაკეთობებს.
– რატომ თეთრი?
– თეთრი იმიტომ, რომ ვმუშაობთ ქართულ, თეთრ თიხაზე, რომელსაც ვეძახით „ქართულ ფაიფურს“…
– რა უპირატესობა აქვს ხელით ნაკეთ ნამუშევრებს და რა ხდება ამ დროს სახელოსნოში?
– ხელნაკეთი ნივთი ყველა ექსკლუზივია და მხატვრული, ამიტომაც სულ სხვა ფასეულობები გააჩნია, ვიდრე ქარხნულს.
– რა ტიპის ნამუშევრებზე მუშაობთ სახელოსნოში?
– პირადად, ჩემი ნამუშევრები არის მხოლოდ დეკორატიული, არტობიექტები. სტუდიაში კი ვქმნით ნამუშევრებს, რომლებიც გათვალისწინებულია მომხმარებლისთვის და ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებისთვის.2persona
– ესკიზების მიხედვით მუშაობთ თუ დიზაინი ექსპრომტად იქმნება?
– მთავარია ტექნიკურად შესრულება. ჯერ იდეა, შემდეგ – შესრულება, ესკიზი არასდროს არ გვაქვს. ჩანაფიქრი თავისით კარნახობს მასალას. უმეტესად ჭურჭელზე ვმუშაობთ. ძალიან რთული სამუშაოა ფიზიკურად და ტექნოლოგიურადაც. შეიძლება ფიასკოთი დამთავრდეს. როცა არ გამოდის, ვცდილობ, გამოვასწორო შეცდომა. მიყვარს წვალება, მიღწევა… ამ პროცესში შეიძლება უფრო მაგარი ნამუშევარი გამოვიდეს.
– დეკორატიული და გამოყენებითი ნაკეთობები… რა ტიპის ინტერიერისთვის არის გათვლილი თქვენი ნამუშევრები?
– ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომლებიც სახლში სიამოვნებით მექნებოდა. მასალაში მუშაობისას უფრო მეტად იდეები იხვეწება. ნაკეთობები გვაქვს სახლის, რესტორნის, სასტუმროს და სხვა ინტერიერისთვის…
– რომელი უფრო მნიშვნელოვანია, სილუეტები, ფორმა თუ შინაარსი?
– ვერც ერთს ვერ გამოვყოფდი. არც ფორმა ვარგა უშინაარსოდ და არც – პირიქით, ამიტომ ორივეს ვითვალისწინებ. ვცდილობ ჩვენი გემოვნების და ესთეტიკის შენარჩუნებას.
– სახელს თუ არქმევთ ნამუშევრებს?
– სახელოსნოში სახელს შინაურულად, ნამუშევრის შექმნის პროცესში ვარქმევთ. შემდეგ კი ახალი მფლობელისთვის მიგვინდია, იმის მიხედვით, რა ემოციას გამოიწვევს ესა თუ ის ნამუშევარი.
– რომელია ყველაზე სასიამოვნო მომენტი კერამიკაზე მუშაობისას?
– კერამიკაში მუშაობა თავისთავად მუდმივი სიამოვნების მომგვრელია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მომენტი მაინც მგონია ის, როდესაც ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ ღუმელი იხსნება და ხედავ შენს დასრულებულ ნამუშევარს.
მინდა მოვუწოდო ყველას: დაიწყეთ კერამიკაში მუშაობა. არა მხოლოდ დიდ სიამოვნებას მიიღებთ, არამედ დაგავიწყებთ ყველა პრობლემას.

 ნანუკა ალავიძე

 1 persona

4persona

5persona

 

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=JQDdf3CPJcc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები