გიორგი კობერიძე: საქართველოს სტატუსის მიღების შანსი მაინც დიდი აქვს
“რთული სათქმელია, როგორია საქართველოს ხელისუფლების განზრახვა და მოტივაცია, მაგრამ საქართველოს შანსი ჯერჯერობით მაინც დიდი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის განწყობა აშკარად კონსტრუქციულია”, – ასე პასუხობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი, გიორგი კობერიძე კითხვას – “იხურება თუ არა „შესაძლებლობის ფანჯარა“ საქართველოსთვის, ანუ უარს გვეტყვიან თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?”.
როგორც კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, ოპოზიცია რომ უფრო აქტიური ყოფილიყო, შეიძლება ხელისუფლება ბევრად უკეთესი ყოფილიყო.
“თუ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ შეუძლია ევროპული კურსიდან გადახვევა, მიიჩნია, რომ ევროპის კავშირში თავისი პირობებით შეძლებს გაწევრებას, ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. ევროკავშირი მშვენივრად ხვდება, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მაღალი არ არის, მაგრამ პოლიტიკური ნების გამო მაინც გვიწვდიან დახმარების ხელს, თუმცა თუ ამ პოლიტიკურ დახმარებაზე სათანადო პოზიტიური პასუხი არ გავეცით, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოსთვის ეს შანსი დაიკარგება. ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება, თუ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი – არა. ეს იქნება უიმედობის და უპერსპექტივობის დასაწყისი, რამაც შეიძლება ვითარება როგორც საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით გააუარესოს.
საქართველოს უკვე დიდი ხანია ნაკისრი აქვს ვალდებულება, ქვეყანაში გატარდეს საფუძვლიანი სასამართლოს რეფორმა და შეწყდეს ჟურნალისტების დევნა. ეს არ არის გუშინ დაწყებული პროცესი. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ არსებობდა ეს მოთხოვნები, მაგრამ ჩვენივე შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი არის არაევროპული. მსგავსი პოლიტიკური ქცევა ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სურვილი, პრეტენზია, შესაძლებლობა და თვითრწმენა, რომ უნდა დაემსგავსოს ევროპულ ქვეყნებს, გაუგებარია ხელისუფლების ამგვარი მოქმედება. ერთ რამესაც დავამატებ: საქართველოს ხელისუფლება რეფორმების გატარებას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ცდილობდეს, რომ ევროკავშირში გაწევრდეს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი გზა, რომელიც სახელმწიფოს, საზოგადოებას, ბიზნესს, მოქალაქეებს მოუტანს უსაფრთხო გარემოს, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება. თუკი მაინც დაირღვევა ვინმეს უფლებები, სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მოქალაქის ბედი არ იქნება დამოკიდებული ოლიგარქიული მმართველობის კეთილ ნებაზე.
დავიწყოთ იმით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ლეგიტიმაციის წყაროდ მიიჩნევს არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ ერთი ადამიანის ნებას და ეს ერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან მართავს სახელმწიფოს. დიდი ხანია, ამ დასკვნამდე აქაც და უცხოეთშიც ბევრი ადამიანი მივიდა: პოლიტიკოსები, ექსპერტები, მოქალაქეები… ეს ყველაფერი სახიფათოა დემოკრატიისთვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელია, ლეგიტიმაციის წყარო იყოს საზოგადოება, მით უფრო – ქვეყნის საგარეო კურსის თვალსაზრისით… დღეს საქართველოს საგარეო თუ საშინაო კურსი წყდება იმის მიხედვით, რა სურთ დახურულ კარს მიღმა და რა სურს საქართველოს ხელისუფლებას, ამის განმაპირობებელი არის არა ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რამდენიმე ადამიანის ნება, განზრახვა და ხედვა. ეს არის გადაწყვეტილების მიღების ყოვლად არადემოკრატიული პროცესი. საზოგადოება, პრაქტიკულად, გამოთიშულია პროცესებიდან და ამას დიდწილად ხელს უწყობს ხელისუფლება, რადგან საზოგადოებას ხშირად არ აწვდის საჭირო ინფორმაციას, ან აწვდის დამახინჯებით, თანაც საზოგადოების სახელით ისე ლაპარაკობს, რომ მისი დიდი ნაწილის მარგინალიზაციას ახდენს.
ამგვარი მოქმედებები ქმნის ჩიხს, ხიდჩატეხილობასა და ელიტიზმს, როდესაც რამდენიმე ადამიანის ნება, ხედვა შეიძლება საკმარისი იყოს სახელმწიფოს სახელით გადაწყვეტილების მისაღებად. მეტსაც გეტყვით – ამ პროცესს კარგად ასახავს ფრაზა: სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, მითვისება. ეს შეიძლება მოხდეს პარტიის, კომპანიის, კერძო ადამიანის მიერ. ამ დროს სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კი აღარ მოქმედებს, არამედ მოქმედებს კერძო ადამიანის ან ჯგუფის ინტერესების შესაბამისად.. თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი. ჩვენ ასეთი შანსი ევროპასთან დაახლოების, შეიძლება აღარასდროს მოგვეცეს. შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ გაუქმდეს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, შეწყდეს ეკონომიკური დახმარებები. გაუცხოების პროცესთან ერთად ავტოკრატია გაძლიერდება, რის შეკავებასაც ამ ეტაპზე ქართველი ხალხი ევროპის, დასავლური ინსტიტუტების დახმარებით მეტ-ნაკლებად ახერხებს. ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც – იმჟამინდელმა ავტოკრატიულმა მმართველობამ შეაფერხა ქვეყნის ევროპული მომავალი. დასავლეთი მაშინაც ძალიან კრიტიკული იყო, განსაკუთრებით, სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, დიპლომატები მაშინაც ძალიან მკაცრად ლაპარაკობდნენ საქართველოში ავტოკრატიის საფრთხეზე. დღესაც იგივე პროცესებს ვხედავთ.
ცდილობენ საკუთარი სიმხდალის ლეგიტიმაციას. საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის იდგა იდეაზე, რომ საკუთარი თავისუფლების და ინტერესების დასაცავად გაეღო ბევრი რამ, მათ შორის უსაფრთხოებაც. დღეს კი არარსებული კონფლიქტის საფრთხით გვაშინებენ, გამოდიან და აკეთებენ გაუგებარ განცხადებებს უკრაინაზე, ევროპარლამენტზე, ხელოვნურად ქმნიან ჰიპოთეზური ომის თავიდან აცილების რიტორიკას, ეს არის სიმხდალის და რუსეთთან მიტმასნების ლეგიტიმაციის მცდელობა. ისინი ცდილობენ ასე გაამართლონ არა მხოლოდ საკუთარი სიმხდალე, არამედ მოკავშირეების გადაგდების პოლიტიკაც. ომის დაწყება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიგიჟე იქნებოდა, ეს ყველა გონიერ ადამიანს ესმის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. “დათვს რომ ბაბაია უნდა დაუძახო”, ეს რაციონალური საგარეო პოლიტიკა არ არის, ეს არის სიმხდალის პოლიტიკა. მათთვის ღირსება და სამართლიანობა გადის იმ საზომზე, რასაც ჰქვია კონკრეტული ადამიანის, ოლიგარქის უფლებების დაცვა-არდაცვა. თუ ევროპელები ეტყოდნენ, რომ რა პრობლემაა, შეგიძლიათ ხელისუფლება მიიტაცოთ, კერძო ადამიანის ინტერესებს ემსახუროთ და მაინც გზა ხსნილი გექნებათ ევროკავშირისკენო, მაშინ ხომ დიდი სიხარულით დაუკრავდნენ ტაშს. მაგრამ დღეს რადგან ევროპელები ეუბნებიან, რომ უნდა მოიქცეთ ისე, როგორ ევროპულ სახელმწიფოს ხელისუფლებას შეეფერება, ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. მოკლედ, ეს რეზოლუცია მათი ღირსების საზომს შეეხო, ეს საზომი კი სახელმწიფო კი არა, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესებია… ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომელთაც გავლენა აქვთ მთელ მსოფლიოზე, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე. თუ ეს მართლა ასეა და ამ ძალებს ყველაზე და ყველაფერზე აქვთ გავლენა, მაშინ გაუგებარია, როგორ არ არიან ეს ძალები ხელისუფლებაში?! ეს არასერიოზული განცხადებები, შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული, მაგრამ ამის გარდა, ეს არის წინდაუხედავი განცხადებების ციკლის გაგრძელება. პირზე რაც მოადგებათ, იმას ლაპარაკობენ, ოღონდ ეს გამიზნულია იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკურად გადარჩნენ.
გეთანხმებით, ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე, მას არ გააჩნია არანაირი კონცეფცია და მის მოქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ რეაქტიული ხასიათი აქვს, ანუ რაღაც მოვლენა რომ ხდება, მხოლოდ ამას ეპასუხებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, ოპოზიცია ზეაქტიურია და ყველაფერი მისი ბრალიაო, ეს ასე არ არის, მეტიც, ოპოზიცია ძალიან პასიურია. ოპოზიცია რომ უფრო აქტიური ყოფილიყო, შეიძლება ხელისუფლება ბევრად უკეთესი გვყოლოდა. რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციისადმი საზოგადოების ნდობაა დაბალი. ჩვენ ისევ მოძველებულ სახეებს ვხედავთ, რომელთაც თავი პოლიტიკურად მოჭამეს, პრინციპები არა აქვთ და ა.შ. თუ ოპოზიციაში ვერ გაიგეს, რომ მხოლოდ ოპონენტის კრიტიკა საკმარისი არ არის და აუცილებელია ადამიანებს დაანახოს არსებულის ალტერნატივა, გაუჭირდებათ დააჯერონ ვინმეს, რომ ოპოზიციის გვერდით დგომა შეიძლება. ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემას შეიძლება დაერქვას განახლების უუნარობა”,- აცხადებს კობერიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე – “მთელი ამ პერიპეტიების გათვალისწინებით, რა ბედი ელის საქართველოს ევროპულ მომავალს?” – რესპონდენტი პასუხობს:
“თუკი საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შემორჩა რაციონალური ხედვა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მან დეკლარირების დონეზე მაინც უნდა განაცხადოს, რომ გაიზიარებს რეზოლუციაში არსებულ შენიშვნებს და დაიწყებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვას. ამაზე უარის თქმა იქნება არა მხოლოდ ევროპული გზის უგულებელყოფა, არამედ ოფიციალურად ავტოკრატიის გამოცხადება. აქ მარტო ის პრობლემა არ დგას, რომ ევროპამ შეიძლება უარი გვითხრას, ამ რეზოლუციის დაგმობა იმის ნიშანია, რომ ჩვენი ხელისუფლება ავტოკრატიას ემხრობა, რა შემთხვევაშიც უფრო ინტენსიურად მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლოს მიტაცება და მედიაზე ზეწოლაც გაძლიერდება”.