„ეკონომიკა არაპანდემიურ პერიოდთან, 2019 წლის აპრილთან შედარებითაც არის გაზრდილი“ – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე 

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„2022 წლის აპრილში პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა გაგრძელდა  და ეკონომიკურმა ზრდამ – მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალ (44.8%-იანი) ზრდასთან მიმართებით, 2.6% შეადგინა. ამასთან, კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა.

იანვარი-აპრილის საშუალო ზრდა 10.8%-ით.

ნიშანდობლივია, რომ ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სექტორის წონა ეკონომიკაში, ანუ რა წილი უჭირავს მშპ-ს. რაც მეტია სექტორის წილი, მის ზრდას უფრო დიდი გავლენა აქვს ეკონომიკის ზრდის ჯამურ მაჩვენებელზე. ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ტრადიციულად ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორმა შეიტანა.

2022 წლის აპრილში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენციები. წინა წლის აპრილში ექსპორტის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, 2022 წლის აპრილში ექსპორტის 10.1 პროცენტით ზრდის ფონზე( 415.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 16.3 პროცენტიანი ზრდა, რამაც 322.1 მლნ. დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე აპრილში (პანდემიამდე 2019 წლის აპრილში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 70.6 პროცენტი იყო.

2022 წლის აპრილში კვლავ მზარდი იყო ფულადი გზავნილების მოცულობა -58.8 პროცენტით გაიზარდა და 308.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

არაპანდემიურ, 2019 წელთან შედარებითაც კი 21 პროცენტიანი ზრდა აჩვენებს, რომ გასული წლის აპრილში მაღალი ზრდა მარტო საბაზო ეფექტის შედეგი არაა, იგი ეკონომიკის ტრანსფორმაციასთან ერთად, უკრაინის ომის პირობებში ეკონომიკის გადაწყობის ტენდენციებსაც ასახავს. ეკონომიკა არაპანდემიურ, 2019 წლის აპრილთან შედარებითაც არის გაზრდილი და შესაბამისად, საბაზო ანუ წინა წლების ვარდნის ეფექტით გამოწვეული ზრდა რეალურად ნახევარი ანუ 44-21= 23 პროცენტია“, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები