რატომ მერყეობს ლარის კურსი და რა ნიშნულზე შეიძლება, იყოს ზაფხულში – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

„ლარის კურსისთვის ზაფხულის პერიოდი ყოველთვის პოზიტიურია. ჩემი პროგნოზით, კურსი შეიძლება, 2. 90 -3.00 -ის ფარგლებში იყოს. უკეთესი კონიუნქტურის პირობებში 2,8-ც შესაძლებელია“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ განმარტა, რატომ მერყეობს ლარის კურსი.

„წინა პრესკონფერენციაზე, რომელიც „კვირას“ პრესკლუბში, დაახლოებით, 2 კვირის წინ ჩავატარე, ვთქვი, რომ ლარის კურსი, ჩემი პროგნოზით, 2,90 -3.00 -ის ფარგლებში იმერყევებდა. შედარებით ოპტიმისტურ სცენარში შეიძლება, მისი მაჩვენებელი 2.8-ზეც დაკორექტირებულიყო. რეალურად ვნახეთ, რომ ლარი გამყარებული იყო; 2,80-ზეც იყო ჩამოსული. თუმცა, ბოლო დღეებია, გარკვეული ახალი დინამიკა შეიძინა – შედარებით გაუფასურდა. მაგრამ არ მგონია, აქ რაიმე ტრაგედია იყოს. მით უმეტეს, ეს შეიძლება, 2 ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. ერთია მთელს მსოფლიოში ამერიკული დოლარის გამყარების ტენდენცია. მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარულ განაკვეთს კი არ შეამცირებს, არამედ, შეიძლება, გაზარდოს კიდეც. ისედაც მაღალია დღეს, 2% -ია. მეორე ფაქტორი ბოლო 1 კვირაში რუსული რუბლის ვარდნაა. რუსეთის რუბლი ბოლო 6 დღეში დაახლოებით 7 %-ითაა გაუფასურებული. ეს დაკავშირებულია, ერთი მხრივ, რუსეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული განაკვეთის 14-დან 11 %-მდე შემცირებასთან, ანუ ფულის გაიაფებასთან. ეს უფრო ექსპორტის სტიმულირებისთვის კეთდება. მეორეა რუსეთის მოსალოდნელი დეფოლტი, რომელიც, შეიძლება, ივნისში დადგეს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების გასტუმრება პრობლემა გაუხდა. ეს დაკავშირებულია ამერიკულ ხაზინასთან და მოთხოვნასთან, რომ ეს თანხა გადახდილი იყოს. საუბარია დაახლოებით 150 მილიონ დოლარზე. არ ვიცი, რუსეთი წავა, თუ არა დეფოლტზე. თუ წავა, ეს, ბუნებრივია, რუსულ რუბლზე სერიოზულად აისახება, დიდი რყევა ექნება. მით უმეტეს, რომ რუსული რუბლის გამყარება ბოლო პერიოდში მაინც რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ბაზარზე ღია ინტერვენციებთან იყო დაკავშირებული, ანუ, ფაქტობრივად, რუბლი ხელოვნურად იყო დაჭერილი. თუ რუბლის გაუფასურება გაგრძელდა, ეს ნეგატიურად აისახება ფულად გზავნილებზე, რომელიც რუსეთიდან შემოდის. მეორე – ჩვენს ექსპორტზეც აისახება, რადგანაც რუსული რუბლის გაუფასურება რუსული ექსპორტის სტიმულატორია და არა – იმპორტის, რომელიც მის ბაზარზე შევა. მსყიდველობითი უნარის გაუფასურებაც მთავარი ფაქტორია, რომელიც, ჩვენს ექსპორტზე ნეგატიურად იმოქმედებს. ექსპორტის ხვედრითი წილი რუსეთის ბაზარზე, დაახლოებით, 12- 13 % გვაქვს.

თუმცა, ლარის კურსისთვის ზაფხულის პერიოდი ყოველთვის პოზიტიურია. ჩემი პროგნოზით, კურსი, შეიძლება, 2. 90 -3.00 -ის ფარგლებში იყოს. უკეთესი კონიუნქტურის პირობებში 2,8-ც შესაძლებელია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები