პუტინმა ბჟანიასა და აფხაზ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობას გამარჯვების დღე მიულოცა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული მამებისა და ბაბუების მიმართ მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლოა, რომლებმაც ნაციზმი უთვალავი მსხვერპლისა და გაჭირვების ფასად გაანადგურეს.
“დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციები, რომლებიც მძიმე სამხედრო განსაცდელების წლებშია ჩამოყალიბებული, ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია მილოცვაში.
პუტინმა ბჟანიას დიდი სამამულო ომის ყველა აფხაზ ვეტერანს ღრმა მადლიერების სიტყვების გადაცემა სთხოვა, ასევე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.