მსოფლიოში ბავშვებში უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის 220-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამის შესახებ ჯანმო-ს უფროსმა მკვლევარმა, ფილიპა ისტერბრუკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 1-ელი მაისის მდგომარეობით, მსოფლიოს 20 ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის 228 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო კვლევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევაში მიმდინარეობს.
“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მხოლოდ ექვს ქვეყანაშია დაფიქსირებული ხუთზე მეტი შემთხვევა. დაფიქსირდა ერთი სიკვდილი და 18 შემთხვევაში ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო“, – თქვა ჯანმო-ს ექსპერტმა.
მისი თქმით, ჯანმო დაავადების „ყველა ინფექციური და არაინფექციური მიზეზის“ შესწავლას აგრძელებს.
როგორც ისტერბრუკმა აღნიშნა, “ამ დროისთვის ცნობილია, რომ ამ ჰეპატიტის მიზეზი არ არიან მწვავე ვირუსული ჰეპატიტები – A, B, C, D და E”.
„კითხვარებიდან ასევე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჰეპატიტი არ არის დაკავშირებული არცერთ გეოგრაფიულ არეალთან, კვებასთან, ცხოველებთან ან ტოქსინებთან. ასევე, გაუმართლებელია დაავადების დაკავშირება კორონავირუსის ვაქცინასთან, რადგან ბავშვების უმეტესობა არ იყო აცრილი,” – თქვა მან.
ჯანმო ცდილობს, დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი ადენოვირუსი იყოს.
“ზოგადად, ეს საკმაოდ იშვიათი დაავადებაა”, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.