დიმიტრი ხუნდაძე – მიხეილ სააკაშვილს: თქვენი მომართვიდან ვრწმუნდები, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლით – როგორც ექიმი, გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ არ აქვს აზრი მათ შეხვედრას:

“ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყისს ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად, რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება  კლინიკაში თქვენი გადაყვანის. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა – ხელისუფლების უდიერი მოპყრობით.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი. მით უმეტეს, მე არ გახლავართ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად გჭირდებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, დაუჯეროთ მკურნალ ექიმებს და შეასრულოთ მათი რეკომენდაციები და რჩევები.

რაც შეეხება ციხიდან გათავისუფლებას დადგენილების საფუძველზე, მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი, სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა.

თქვენი მომართვიდან ვრწმუნდები, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლით. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოგვიწოდებთ, თქვენგან გამოსულებმა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ. გვიწვევთ როგორც ექიმებს და განცხადებებს გვთხოვთ, როგორც პოლიტიკოსებს. მეც როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის მიმართვაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები