განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება შედის კანონის იმ მუხლში, სადაც სტუდენტის უფლებებზეა საუბარი.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, განსხვავებულად დარეგულირდება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები. ცვლილების მიხედვით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შენარჩუნდება კვალიფიციური პერსონალით დაგეგმარების უწყვეტობა, ასევე, მოხდება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ოპტიმიზაცია.

“აუცილებელია მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხულმა პირებმა უწყვეტ რეჟიმში შეისწავლონ მათთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამის დადგენილ ვადებში (ორი წელი) დასრულება უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, თავდაცვის აკადემიისათვის განსაზღვრული მიზნების დროულად შესრულებას, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის დაკომპლექტების შეუფერხებელ უზრუნველყოფას შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით”, -განაცხადა მომხსენებელმა.
დეპუტატებმა კანონპროექტზე მუხლობრივად იმსჯელეს. დღესვე, კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც მასწავლებლის მომზადებასა და პროფესიაში შესვლას უფრო მცირე დროში ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები