ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბრიტანელმა დიპლომატმა ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ინტენსიურ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.
მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის გამართვის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებაზე.
როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების გულშემატკივრად რჩება.
ბრიტანელმა დიპლომატმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლს ნატო-ს სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების და ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.