სალომე ზურაბიშვილი – თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთისთვის, რომ ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს

თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ მოლდოვასა და საქართველოს ნაკლები ყურადღება ექცევა, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში მისი მოგზაურობის მიზეზია, რომ მათ საქართველო არ დაივიწყონ.

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, [დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენები] არის მანიპულაციები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ჩვევად აქვს ზეწოლის გამოყენება. ის, რაც დღეს მოლდოვაში ხდება, არის არაპირდაპირი ზეწოლა დნესტრისპირეთის გავლით მოლდოვის მთავრობაზე, რათა მოსახლეობაში შიში გააღვივონ.

რუსეთი ასევე მოქმედებს სეპარატისტულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, სადაც აცხადებენ, რომ რეფერენდუმის გამართვა სურთ, რუსეთთან გაერთიანების მიზნით. და სწორედ იმის გამო, რომ მოლდოვა და საქართველო არ არიან დაცული ნატო-ს მე-5 მუხლით და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობით, ცხადია, ისინი მოწყვლადები არიან და ეს ნიშნავს, რომ მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღონ.

ცხადია, აქცენტი უნდა იყოს უკრაინაზე. პირდაპირი მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს. ამჯერად, სწორედ ეს არის ჩემი ვაშინგტონში მოგზაურობის აზრი და მადლენ ოლბრაიტის ცერემონიაზე დასწრების სურვილიც, რომელსაც პირადად ვიცნობდი. ჩემი გზავნილია, არ უნდა დაივიწყონ საქართველო, რადგან თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ მოლდოვასა და საქართველოს ნაკლები ყურადღება ექცევა, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები