„ბაროკოს მუსიკის დღეები“ – „საქართველოს სინფონიეტა“ ბაქოს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიწვევითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში – „ბაროკოს მუსიკის დღეები“, რომელიც ბაქოში, 23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალი „ბაროკოს მუსიკის დღეები“ პირველად ტარდება და იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
„ფესტივალის ფარგლებში ბაქოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკონცერტო დარბაზები უმასპინძლებენ მუსიკოსებს: იტალიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. დაგეგმილია როგორც საოპერო და საკონცერტო საღამოები, აგრეთვე – მასტერკლასები.
„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი 24 აპრილს, 19:00 საათზე, აზერბაიჯანის მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის დარბაზში გაიმართება.
კონცერტზე შესრულდება პროგრამა – „ძველებური ცეკვები“, რომელიც მოიცავს მერულას, ლულის, მარეს, რამოს, ჰენდელის, პერსელის, ვივალდისა და ბაროკოს ეპოქის სხვა კომპოზიტორების: ინსტრუმენტულ ცეკვებსა და ვოკალურ არიებს.
სოლისტები არიან: „საქართველოს სინფონიეტას“ მუსიკოსები: გიორგი ქერელაშვილი (ვიოლინო), ანა მამისაშვილი (ვიოლინო), ნათია ჩილაშვილი (ვიოლინო), ნატალია ბენდუსი (ჩელო), ანა ქურდოვანიძე (კლავესინი) და გერმანიიდან მოწვეული ქართველი მუსიკოსი, გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა).
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობენ აზერბაიჯანელი სოლისტები: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), საბინა ასადოვა (მეცო სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და დირიჟორი ეიუბ კულიევი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ამიერკავკასიაში პირველი ბაროკოს ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ მონაწილეობა აზერბაიჯანის პირველ მუსიკალურ ფესტივალზე – „ბაროკოს მუსიკის დღეები“, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი კავშირის დამყარებასა და კულტურული თანამეგობრობის გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა  თეა მუქერიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები