„ხელოვანები ხარაგაულისთვის“ – სამხატვრო – მუსიკალური პლენერი „გამა” გაიმართება

30 აპრილს და 1 მაისს, ძვირფასო მეგობრებო, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხარაგაულში გამართავს ტრადიციულ სამხატვრო – მუსიკალურ პლენერს „გამა“.
ინფორმაციას ხსენებული ლიტერატურული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
„30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელშეწყობით, ხარაგაულში გამართავს ტრადიციულ სამხატვრო – მუსიკალურ პლენერს „გამა”…
პლენერი კვლავაც საქველმოქმედო ხასიათისაა, მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, ხატავენ ხარაგაულის ხედებს და საჩუქრად უტოვებენ ლიტერატურულ თეატრს. წლების განმავლობაში თეატრის მუზეუმს 150 ნამუშევარი დაუგროვდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში იყო გამოფენილი და მნახველთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ეს კოლექცია ხარაგაულის უდიდესი სიმდიდრეა, ესაა ფერებში დანახული ხარაგაული.
როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი იქნება მხატვრულ-მუსიკალური, დახურვის დღეს, 1 მაისს, გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, პლენერის ამ ნაწილს უხელმძღვანელებს ცნობილი საოპერო მომღერალი, ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ხარაგაულის სიამაყე, ბატონი მამუკა ლომიძე.
წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა… პლენერში მხატვრების და მუსიკოსების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ფოტოხელოვანები…
იქნება ულამაზესი დღეები, კვლავაც ფერებში ამღერდება ხარაგაული…
მზადება დაწყებულია, მოგეხსენებათ უთვალავი ორგანიზაციული საკითხია ღონისძიების მასშტაბებიდან გამომდინარე. ველოდებით თანადგომას, ერთგულებას, ქველმოქმედებას…
პლენერზე გვეწვევა დელეგაცია ისრაელიდან…
„ხელოვანები ხარაგაულისთვის“ –  ამ დევიზით ველოდებით ორ ულამაზეს და საქმიან დღეს.
მონაწილეთა შესახებ დაწვრილებით ცნობებს მომავალ კვირაში მოგაწვდით.
ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც გასწიეს ქველმოქმედება პლენერის ორგანიზებისათვის“, – წერს იზა ვეფხვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები