უკრაინელი ხალხისადმი მიძღვნილი სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება
18 აპრილს, 19;30 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიური მუსიკის კონცერტს გამართავენ.
შემსრულებლები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი სოსო ჯუღაშვილი; რეზი მარშანია (ფორტეპიანო).
პროგრამა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი N1 C Major, თხზ.15;
ანტონინ დვორჟაკი – სიმფონია N9 „ახალი სამყაროდან“.
ხსენებულ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავად ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს ინფორმაციას:
„ჩვენი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი აგრძელებს საკონცერტო სეზონს, რომელიც უკრაინას და დიდი განსაცდელის ქვეშ მყოფ უსაზღვროდ პატრიოტ უკრაინელ ხალხს ეძღვნება!
შემდეგი კონცერტი ორშაბათს, 18 აპრილს, ახალ თეატრში გაიმართება, დარბაზში, სადაც ჩვენ 10 წელი ძალიან საინტერესოდ და მრავალფეროვნად გავატარეთ. მაშინ არ იყო რემონტი გაკეთებული და ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა იქ ჩატარებულ ფესტივალებსა და კონცერტებს. ახლა ამ შენობაში (ყოფილი რკინიგზელთა სახლი აღმაშენებლის №127-ში) ჩემი მეგობარი დავით დოიაშვილი და მისი შეუდარებელი დასი მოღვაწეობს თუმცა ჩვენი ორკესტრი მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს სწორედ ამ სცენაზე შესთავაზებს ერთგულ მსმენელს.
18 აპრილის კონცერტზე შესრულდება ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონია სახელწოდებით: „ახალი სამყაროდან”. ისტორიული და ყველასათვის საყვარელი ნაწარმოები, რომელიც ჩეხმა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა ნიუ-იორკში ემიგრაციისას 1893 წელს შექმნა და „ახალ სამყაროში” სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმა.
ამავე კონცერტზე აჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც გენიოსმა ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში შექმნა და სწორედ ამ ნაწარმოებით წარდგა პირველად ფართო პუბლიკის წინაშე.
ჩვენს ორკესტრთან ფორტეპიანოს პარტიას შეასრულებს ჯერ კიდევ ათწლედელი ვუნდერკინდი, ჩემი უძვირფასესი პატარა მეგობარი რეზი მარშანია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მომწონს მისი შესრულების დონე და დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ!
ხოლო სადირიჟორო პულტთან ასევე სრულიად ახალგაზრდა და დიდი პერსპექტივის მქონე მაესტროს – სოსო ჯუღაშვილს იხილავთ, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს სადირიჟორო კარიერაში. ჩვენს ორკესტრთან მან ჯერ კიდევ თინეიჯერობისას ჩაატარა სადებიუტო კონცერტები და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავად ორკესტრის წევრ მუსიკოსთა განსაკუთრებული მოწონება და ნდობა დაიმსახურა!
ასე რომ, კლასიკური, სიმფონიური და უბრალოდ კარგი მუსიკის მოყვარულებო, შეიძინეთ ბილეთები და გაატარეთ მომდევნო ორშაბათი მაღალი ხელოვნების თანხლებით“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
პროექტის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.