ალექსეი დანილოვი: უკრაინის ხელისუფლება რუსეთის შემოჭრას 22 თებერვალს ელოდებოდა, მაგრამ მოსახლეობისთვის ამის თქმა არ შეეძლო
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რა მოხდებოდა ქვეყანაში.
როგორც დანილოვმა BBC News Ukraine-თან ინტერვიუში აღნიშნა, იმის დასტური, რომ უკრაინა თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა, არის ის, რომ ქვეყანა თავს 50-ე დღეა იცავს.
„ჩვენ ვიცოდით, რა მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, თავდასხმის თარიღი იყო არა 24 თებერვალი, არამედ 22 თებერვალი. 22 თებერვალს უნდა დასხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას იმ ფორმატში, რაც ახლა არის. ერთადერთი, რასაც არ ველოდით, ბელარუსის ტერიტორიის ჩართვა იყო. ჩვენ არ შეგვეძლო გამოვსულიყავით და საჯაროდ გვეთქვა მოსახლეობისთვის: „მეგობრებო, 22 თებერვალს ომი იწყება“. სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით, ეს დაუშვებელია. თუმცა, ჩვენ ვემზადებოდით“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.