თეა წულუკიანი ველისციხის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს ესტუმრა, სადაც საქართველოს პარლამენტის გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ უტიაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ვასო გოძიაშვილის სახელობის მოყვარულთა თეატრის შენობა დაათვალიერა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თეატრის შენობის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროცესის დასრულების შემდეგ შენობა მულტიფუნქციური გახდება და რეგიონის მაყურებელს მრავალფეროვან და საინტერესო რეპერტუარს შესთავაზებს.
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ გაზიარებულ იქნა მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ სრულფასოვნად ამუშავდება, შემოქმედებითი პროცესი მანამდეც აქტიურად მიმდინარეობდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტრო დააფინანსებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სპექტაკლების დადგმას ველისციხის თეატრში. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრომ უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე შესთავაზა ველისციხის თეატრში სპექტაკლების დადგმის დაფინანსება და მათი მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია.
„ჩვენ შევძლებთ, რომ რეაბილიტირებულ თეატრში ჩვენმა სტუდენტებმა პრემიერაც ითამაშონ. კულტურის სამინისტრო ყოველთვის არის ახალგაზრდების გვერდით. რა თქმა უნდა, სადადგმო ხარჯის დაფინანსების მიმართულებით, პრიორიტეტი იქნება რეგიონული თეატრები და მაჟორიტარი დეპუტატის თხოვნის შესაბამისად, პირველ რიგში, ეს იქნება ველისციხის თეატრი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის მოყვარულთა თეატრი 1889 წელს აშენდა და მისი ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.