„დასურათებული ფსალმუნნი“ – ლევან დავითიანის ნამუშევრების გამოფენა ქართული ენის დღეს ეძღვნება
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიხსნა მხატვარ ლევან დავითიანის ნამუშევრების გამოფენა – „დასურათებული ფსალმუნნი’’.
გამოფენა ქართული ენის დღეს – 14 აპრილს ეძღვნება და ნახატებთან ერთად წარმოდგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ „ფსალმუნთა“ უნიკალური გამოცემები, რომლებიც მეთვრამეტე–მეცხრამეტე საუკუნეებში დაისტამბა.
მხატვარ ლევან დავითიანის მიერ შესრულებული დასურათებული ხელნაწერი ,,ფსალმუნნი“ რვეულებადაა დაშლილი და გამოფენაზე გაშლილ მდგომარეობაში იხილავს დამთვალიერებელი (გამოფენის შემდგომ ავტორი ნამუშევრებს დასრულებულ სახეს მისცემს და წიგნად აქცევს). მხატვარმა ფსალმუნზე მუშაობა 2011 წლიდან დაიწყო და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ქმნიდა გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს. ხელნაწერის დასურათება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და მაღალმხატვრული გადაწყვეტით. შესრულებისას გამოყენებულია ბუნებრივი საღებავები და ოქრო.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე.