პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

 13 აპრილს, საქართველო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით”. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება – ახალი დადგმებით გამდიდრება.
„2021 წელს მოცემული კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა 11 პროექტი, რომელიც განხორციელდა 11 ლოკაციაზე და მოიცვა 150 ბენეფიციარი. კერძოდ, სპექტაკლის დადგმა დაუფინანსდა 6 სახელმწიფო თეატრს, 1 კერძო და 1 მუნიციპალურ თეატრს, 2 შემოქმედებით გაერთიანებას, ხოლო 1 სახელმწიფო თეატრს ტექნიკური ბაზის განახლება დაუფინანსდა.
წლევანდელი კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები, ძირითადად, სადადგმო ხარჯების მოსაპოვებლად. შესაძლებელია, დაფინანსდეს სხვა ხარჯებიც. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 13 აპრილიდან 2022 წლის 21 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 14 32 48 (სამუშაო საათებში). ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ” დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და კონკურსის პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
კონკურსის პირობები: https://cutt.ly/TFRz0Vj

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები