ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსი „მედეას ბურკა“ იქნება წარმოდგენილი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 აპრილიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსი „მედეას ბურკა“ იქნება წარმოდგენილი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია-პერფორმანსს, რომელსაც წარადგენს შემოქმედებითი კავშირი „ვან ენდ არტი“, დამთვალიერებელი 22 აპრილამდე იხილავს.

ექსპოზიცია-პერფორმანსი მოიცავს ინსტალაციას, ვიდეო ნამუშევარს, სკულპტურას, პიესა-საინტერპრეტაციო ტექსტსა და მუსიკალურ ნაწილს. „მედეას ბურკა“ ოთხ სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რაც, ასევე, პერფორმანსის ექსპოზიციური ნაწილია.

დამთვალიერებლებს დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ ექსპოზიციის ნაწილი იხილონ, ხოლო საღამოს საათებში დაესწრონ ამ საექსპოზიციო ინსტალაციაში გამართულ პერფორმანსს. ინსტალაცია-პერფორმანსის „მედეას ბურკა“ რეჟისორია იოანე (ვანო) ხუციშვილი, ხოლო მხატვარი – შოთა ბაგალიშვილი, მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჯიქია, პერფორმერი – ენდი ძიძავა, თარგმანი – სოფიო შამანიდი, ეროვნული გალერეის კურატორი თამარ ლომსაძე.

„მედეას ბურკა“ წარმოადგენს მედეას ახლებურ გააზრებას, რომელიც ეყრდნობა ბერძენი დრამატურგის, ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონო-პიესას. მისი მთავარი კონცეფციაა მედეას და მედეას ბურკის სხვადასხვა სტიქიებით გააზრება, მედეა, როგორც სტიქია და მედეას ბურკა, როგორც სტიქიები (მიწა და წყალი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები