ჯანდაცვის მინისტრი: ვიმედოვნებ, რომ ჯანმო პანდემიის დასასრულს ძალიან მალე გამოაცხადებს
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასასრულს მალე გამოაცხადებს.
მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა.
“ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასასრულს ძალიან მალე გამოაცხადებს, როგორც წლების წინ პანდემიის დასაწყისი გამოაცხადა. დღეისათვის ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი, ასევე, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი არის საკმაოდ შემცირებული და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს. შეზღუდვებს რაც შეეხება – ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციას და ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეში პირბადეს და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამის განხილვას არ ვახდენთ”, – განაცხადა აზარაშვილმა.