10 აპრილი მწერალ მაკა ჯოხაძის დაბადების დღეა
10 აპრილი დრამატურგის, მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის, სცენარისტის მაკა ჯოხაძის დაბადების დღეა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.
პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1969 წელს, პირველი პროზაული კრებული „გურამ-გურამ” – 1976 წელს და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
მას ეკუთვნის მოთხრობების წიგნები: „გადარჩენილი პეიზაჟი” (1984), „შეხვედრა” (1985), „ფიჭვები უდაბნოში“ (2017)… რომანები: „მარადიული ბალაგანი“ (1997), „მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები“ (2013); პიესები: „ორი ცხოვრება” (1986), „პერსონალური გამოფენა”, „სასოწარკვეთილთა თეატრი”…
მაკა ჯოხაძე ავტორია წიგნებისა: „ჩემი დავით კლდიაშვილი“ (მონოგრაფია) (1995, 2012), „მზერის გადანაცვლება“ (წერილები, ესეები) (1988), „გამარჯვება შიშზე“ (ესეისტურ-პუბლიცისტური წერილები) (1999), „სამოთხე უსიყვარულოდ“ (კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტები) (2010), „ჩაძირული დღესასწაული“ (ჩანაწერები) (2013) …
1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში, რაბირდრანთ თაგორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე. 1989 წელს მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. არის სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა – „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის” (1991).
2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) „ჩვენი მწერლობის” ჯერ პროზის, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორი იყო. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ესეისტი.
მაკა ჯოხაძე არის პრემია „საგურამოს” მფლობელი (2010), წიგნისთვის: „სამოთხე უსიყვარულოდ: კრიტიკული წერილები, ესეები და ლიტერატურული პორტრეტები“.
2021 წელს მიენიჭა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის მთავარი პრიზი – ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.