კულტურის სამინისტროში პოეტ რაულ ჩილაჩავასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე პოეტ რაულ ჩილაჩავას შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, მწერალი გურამ ოდიშარიაც ესწრებოდა, რაულ ჩილაჩავამ მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს მისთვის უკრაინაში ომის პირობებში აღმოჩენილი თანადგომისა და დახმარებისთვის. ამასთან, შეხვედრაზე რამდენიმე კულტურული პროექტის შესაძლო განხორციელებაზე გაიმართა მსჯელობა და სამომავლო თანამშრომლობის გზები დაისახა.
რაულ ჩილაჩავა გახლავთ ქართველი დიპლომატი, მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პუბლიცისტი. იგი 1970 წლიდან ცხოვრობდა კიევში, მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად; 1992-2005 წლებში იყო უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას; 2005-2010 წლებში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.
რაულ ჩილაჩავა არის საქართველოსა და უკრაინის მწერალთა კავშირების წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, ასევე, რუსთაველის და მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები