საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომას პატიმარი სააკაშვილი თავადაც დაესწრება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.