ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღარ აქვს, ამიტომ, ვინ სად დაინიშნება, სახელსა და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს
“საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღარ აქვს, ამიტომ, ვინ სად დაინიშნება, სახელსა და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკაა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო არ უნდა აქტიურობდეს.
„საქართველოს ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული საგარეო კურსი არ გააჩნია, ამიტომ, რაღაც განსაკუთრებული მისიით აშშ-ში ზალკალიანის გაგზავნა წარმოუდგენელია. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე საკუთარი გარემოცვის დანიშვნას ცდილობს. საკმარისი გამოცდილება არ აქვს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს. ის, რომ ოდესღაც რომელიღაცა ქვეყნის დიპლომატიურ მისიაში საქმიანობდა, არ არის დასტური იმისა, რომ აქვს მკვეთრი წარმოდგენა საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ და იმ ამოცანების შესრულება შეუძლია, რაც ქვეყანას აქვს. რეალურად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო არ უნდა აქტიურობდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საგარეო მინისტრის პოსტზე კი ილია დარჩიაშვილი ინიშნება.