„სალამია“ – გურამ ოდიშარიას ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

4 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გურამ ოდიშარიას ახალი წიგნის – „სალამიას“ წარდგენა გაიმართება.
გურამ ოდიშარია:
„ეს წიგნი, რომელიც პატარებისთვის დაიწერა, დიდებისთვისაცაა განკუთვნილი. ახლა რომ ვუკვირდები, მართლაც რომ უფრო დიდებისთვისაა დაწერილი. თუმცა, მიზეზთა და მიზეზთა გამო, აქ მოთხრობილი ამბები შესაძლოა, დიდებზე უკეთ პატარებმა გაიგონ.
წიგნის დასრულების შემდეგ მომეჩვენა, რომ აქ შეკრებილ სიტყვებს რაღაც მნიშვნელოვანი აკლდათ. ამიტომაც, ძალიან მოვინდომე და წიგნს ჩემ მიერ დახატული ილუსტრაციები დავურთე.
სალამია კუნძული-სახელმწიფოა, და თუ რატომ გადაწყვიტა მისმა მეფემ თავისი ქვეყნის გალავანში მოქცევა, ამას მკითხველი თანდათანობით შეიტყობს.
სალამიას მეფეს მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ებრძვის გუია, რომელსაც ბევრი თანამემამულისაგან განსხვავებით, სჯერა, რომ შესაძლებელია შეუძლებლის მიღწევა – ვთქვათ, ცაში მოგზაურობა, ან სულაც – ხელმწიფის ჩამოგდება. მეფესაც და გუიასაც უყვართ თავიანთი სამშობლო და, ამავე დროს, ერთი მშვენიერი სალამიელი ქალიშვილიც, სახელად ანონა…
მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, აქვე ვიტყვი – ყველაზე საინტერესო ამბები, რა თქმა უნდა, ფინალში ვითარდება“…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები