ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, ამის შესახებ მას აფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, თუმცა მას ეს არ სურდა.
გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ნატო-ს წევრობაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, დასავლეთსა და რუსეთს შორის დადებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში. ამ შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ ვლადიმერ პუტინს და ჯო ბაიდენს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმების დაცვის საკითხებში ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. ამერიკული გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პასუხმა გერმანიის ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია, რადგან ცხადი იყო, მშვიდობის შენარჩუნების შანსები მცირდებოდა.
როგორც გამოცემა წერს, 15 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეხვედრა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართა. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უკმაყოფილება ნატო-ს მიმართ, რომ ალიანსმა რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში იარაღის სისტემები განათავსა და ასევე გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ რუსები, უკრაინელები და ბელარუსები ერთი ხალხია, რომელთა გაყოფა შემთხვევით, პოლიტიკური ჩარევით მოხდა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა პუტინს განუცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება არსებული საზღვრების აღიარებას, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ და როდის დადგინდა ისინი. გამოცემის ცნობით, შოლცმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დასავლეთი არასოდეს მიიღებს ევროპაში აღიარებული საზღვრების ცვლილებას და სანქციები იქნება სწრაფი და მკაცრი, ხოლო გერმანიასა და რუსეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა დასრულდება.