დიმიტრი პესკოვი: აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ ცნობები “საინფორმაციო ომის” ნაწილია
კრემლმა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მსგავსი ცნობები “საინფორმაციო ომის” ნაწილია.
“ეს საინფორმაციო პანიკის, საინფორმაციო საბოტაჟისა და საინფორმაციო ომის ნაწილია. ეს ცნობები ყალბია, აუცილებელია, რომ საინფორმაციო ნაკადი მკაცრად გავფილტროთ”, – თქვა პესკოვმა.
ამასთან, მანვე დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქი რუსული დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის.
“იმისთვის, რომ ორ მხარეს შორის კონტაქტები დამყარდეს, ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი. აბრამოვიჩის შემთხვევაში მას ეს თანხმობა ორივე მხარისგან აქვს”, – თქვა პესკოვმა.