“დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის მოთხოვნას არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვით, ენერგორესურსების საფასურის გადახდა რუსულ რუბლში უნდა მოხდეს.
ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
“დიდი შვიდეულის” ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის კონტრაქტების ცალმხრივი დარღვევა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დადებული ხელშეკრულებები ძალაშია და მათში ჩართული საწარმოები მათი ერთგული დარჩებიან. ეს ნიშნავს, რომ რუბლით გადახდა მიუღებელია”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ხაბეკმა რუსეთის ინიციატივაზე თქვა, რომ ეს დასავლური ქვეყნების გაყოფის მცდელობაა, თუმცა, ქვეყნებს შორის მტკიცე სოლიდარობაა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, “გაზპრომს” და მთავრობას დაავალა იმის ორგანიზება, რომ არამეგობარმა ქვეყნებმა რუსული ენერგომატარებლების საფასური რუსულ რუბლში გადაიხადონ.
კრემლის დავალების შესრულებაზე პირველ ანგარიშს პუტინი 31 მარტს ელოდება.
“დიდი შვიდეულის” ქვეყნებში კანადა, საფრანგეთი გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ შედიან. ყველა მათგანი რუსეთის მიერ “არამეგობარი ქვეყნების” ნუსხაშია შეყვანილი.