კულება: ერდოღანის მიერ ნახსენებ 4 პუნქტზე რუსეთთან შეთანხმება არ არსებობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ 4 პუნქტზე შეთანხმება არ არსებობს.
„თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, უკრაინული არის და იქნება ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში. ზოგადად, არასწორია მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხ ან მეტ რიცხვად დაყოფა“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებას თქმით, მოლაპარაკებებზე დელეგაციების ქვეჯგუფებში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საკითხი განიხილება და უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს.
ცნობისთვის, დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რომელზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია”. – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებები გრძელდება.