უკრაინის პროკურატურა: ომის დაწყებიდან 135 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 184 – დაზიანდა და განადგურდა 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 25 მარტამდე, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა, 184 კი დაშავდა.

64 ბავშვი დაზარალდა კიევის ოლქში, ხარკოვში – 44, დონეცკში – 46, ჩერნიგოვში – 34, მიკოლაივში – 25, ზაპორიჟიაში – 26, დედაქალაქში – 16, ჟიტომირში – 15, ხერსონში – 15, სუმიში – 14.

პროკურატურის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში ბრძოლების დროს ორი ბავშვი დაიღუპა. ასევე, 2022 წლის 24 მარტს რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად ნოვომიხაილივკაში 6 და 13 წლის ბავშვები დაშავდნენ.

“ასევე 2022 წლის 24 მარტს მელიტოპოლის ოლქში სამი მოზარდი – 13, 14 და 15 წლის, ნაღმზე აფეთქდა. ისინი მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი რეანიმაციაშია, კრიტიკულ მდგომარეობაში.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. დაზიანდა და განადგურდა 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაივში, სუმიში, ხერსონში, ჩერნიგოვსა და კიევში. გარდა ამისა, დაზიანდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები