როგორია პუტინის ფსიქიკური მდგომარეობა – სტოლტენბერგის პასუხი
ბრიუსელში ამ წუთებში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან, სადაც ალიანსის რიგგარეშე სამიტი გაიმართება და რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს მიეძღვნება.
სამიტის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მან თქვა, რომ ალიანსი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომას იღებს.
კითხვაზე, გააზრებული აქვს თუ არა ნატო-ს, როგორია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფსიქიკური მდგომარეობა, სტოლტენბერგმა პასუხი არ გასცა, მაგრამ აღნიშნა, რომ პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა.
“მან დაიწყო ომი დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის ძალა, უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამბედაობა და რომ ისინი მიიღებენ ბევრად მეტ დახმარებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო”, – თქვა მან.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, ასევე, უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებს.
“ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა გავზარდეთ და გავზარდეთ ნატო-ს ძალების ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთით. ჩვენ ეს გავაკეთეთ უსაფრთხოების ნებისმიერი საფრთხის გადასაჭრელად”, – განმარტა სტოლტენბერგმა.