გიორგი ცუცქირიძე – “რუსულმა ინტერვენციამ და სისხლიანმა კალომ უკვე სამხედრო დანაშაულის შეფასება მიიღო”

“რუსულმა ინტერვენციამ და სისხლიანმა კალომ, რაც უკრაინაში კრემლის მიერ ხორციელდება, უკვე სამხედრო დანაშაულის შეფასება მიიღო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრამდე, პუტინის რუსეთი განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ექსპანსიონისტურ საინფორმაციო კამპანიას ეწეოდა.

“ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ინტერვენციის გადაწყვეტილება, ხოლო მანამდე ულტიმატუმის შემცველი გზავნილები დასავლეთისადმი, არ ყოფილა მხოლოდ ცარიელ ავანტიურაზე აგებული და არც რაიმე გამოუვალი სიტუაციით იყო ნაკარნახები, თითქოსდა, დროში გადავადებით ის ვეღარ შეძლებდა საოცნებო სსრკ-ის ტიპის გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენას, რაზეც ხშირად ზედაპირულად ხდება აქცენტების გადატანა.

უკრაინაში შეჭრამდე, პუტინის რუსეთი განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ეწეოდა ექსპანსიონისტურ საინფორმაციო კამპანიას, წამყვანი რუსული მედია პლატფორმებით ( Russia Today და ORT) არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ან ვარშავის ბლოკის ყოფილ ქვეყნებში, არამედ თვით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ახალი რუსული ნარატივის გავრცელებით. ეს შეჭრაც დიდწილად რუსული გავლენების ზრდით იყო ნასაზრდოები, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე. აქ, ბუნებრივია, ბრიტანეთი არ იგულისხმება.

ვლადიმერ პუტინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის ახალ ნარატივად და რუსულ პლატფორმად თუ მართლმადიდებლობას იყენებს, დასავლეთში რუსეთს წარმოაჩენდა როგორც ქრისტიანობის დამცველ ბოლო ბასტიონად, რითაც ცდილობს ამ ქვეყნების პოლიტიკური და საზოგადო ელიტის ნაწილი მოსკოვის თანამოაზრეებად გადააქციოს და არა – დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, რომელიც, მოწყვეტილია რა ქრისტიანულ სწავლებებს „გარყვნილია“, რომელიც ებრძვის რა „ტრადიციული ღირებულებებს“ და მათი იდენტობის საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ამ ანტიდასავლური დისკურსის წამყვან ინსტიტუციად და მთავარ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად რუსული ეკლესია გამოდის.

“ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივია, პატრიარქი კირილის განმარტება თავისუფლების აბსოლუტიზაციაზე, რაც “მისი ნორმატიული ელემენტებისაგან განცალკევებით, ადამიანისა და საზოგადოებისათვის დამღუპველია, რადგან შეიძლება, არჩევანი ბოროტზე გაკეთდეს“.

ლიბერალიზმის კრიზი იუვენალური კანონმდებლობის დონეზე, რაც სექსუალური უმცირესობების ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლების დაკანონებას უკავშირდება.
დასავლეთი წარმოჩენილია, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე განსაკუთრებით ძირძველი ერების, ტრადიციებისა და ღირებულებებისათვის.

ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თავისუფლების დასავლური გაგების „ცრუ თავისუფლებად“, „ცოდვისა“ და „ამორალური ცხოვრების წესის“ პროპაგანდად მონათვლა იმ დისკურსის ნაწილია, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ და სასულიერო წრეებში დომინირებს და მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის, საქართველოში ვრცელდება.

ესაა ამ დისკურსის ამოსავალი წერტილი, რომელიც „გარყვნილ დასავლეთსა“ და „კონსერვატიულ რუსეთს“ შორის სხვაობას უსვამს ხაზს, და მიიჩნევა, რომ განსაკუთრებით აქტიურია იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსულ და დასავლურ ნორმატიულ ჰეგემონიებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა, კერძოდ კი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაში და საქართველოში.

დისკურსის გავრცელება კი ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მეშვეობით ხდება. ე.წ ქართული კონსერვატიული ფლანგი, იქნება ეს “ქართული მარში”, “ქართული იდეა”, თუ “პატრიოტთა ალიანსი” მხარდაჭერილი მედია პლატფორმით, ახალა “კონსერვატორები” ასევე “ალტ ინფოს” ბაზაზე, ქართული საზოგადოების ის არც თუ მცირე ნაწილიც ვინც ვერ გარკვეულა ამ დისკურსის არსში, სწორედ რუსული ანტიდასავლური დისკურსის შემადგენელი ნაწილია.

მისივე თქმით, ბოლო წლებში რუსული პროპაგანდისტური მანქანის გავლენა განსაკუთრებით მზარდი იყო როგორც უნგრეთში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში.

“მარი ლე პენის ნაციონალური ფრონტი, იტალიის ექსპრემიერ მატეო სალვინის “ჩრდილოეთი ლიგა” ასევე ჯუზეპე კონტეს “5 ვარსკვლავის მოძრაობა” და უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის დემარშები ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, ამ დისკურსის შემადგენელი იყო.

პუტინის გაძლიერება ასევე გამოიწვია ტრამპის მოსვლამ ამერიკაში, რომლის გუნდის წამყვანი ფიგურა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი თავად იყო აშშ -ში იუვენალური კანონმდებლობის მოწინააღმდეგეთა ავანგარდში და თავად ედგა ანტისააბორტო მოძრაობას სათავეში.

აქედან გამომდინარე, პუტინის გადაწყვეტილება დასავლეთის შანტაჟზე და უკრაინის ოკუპაციაზე არ იყო მხოლოდ ახირებული მოსაზრებებით ნასაზრდოები.

თუმცა, თებერვლის ბოლოს დაწყებულმა რუსულმა ინტერვენციამ და სისხლიანმა კალომ, რაც უკრაინაში კრემლის მიერ ხორციელდება, უკვე მიიღო სამხედრო დანაშაულის შეფასება, ამასთან რაც არანაკლებ საინტერესოა პუტინამდე გაცილებით ძლიერი კოალიციით დამარცხდა ფაშისტური გერმანია, ხოლო მანამდე ნაპოლეონ ბონაპარტე ბრიტანულ კოალიციასთან. ფაქტობრივად, პუტინი წავიდა რუსეთის ისტორიის წინააღმედაც, ორივე ამ კოალიციის წევრი მეფის რუსეთი და საბჭოთა რუსეთი იგივე სსრკ იყო.

პუტინის რუსეთის ბედიც გადაწყვეტილია, ბოლო სამი საუკუნის მანძილზე არავის არც მარტო და არც კოალიციით უფრო მძლავრი საერთაშორისო კოალიცია არ დაუმარცხებია, პუტინი კი დღეს საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ იბრძვის, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა, ჩინეთის უარიც რუსეთთან კოალიციის შექმნაზე და დასავლეთთან წინააღმდეგობაში შესვლაზე, ამ რეალობას ადასტურებს.

რუსული იმპერიის დასასრულით საბოლოოდ დასრულდება პოსტსაბჭოთა ერა საქართველოშიც, ხვალ სულ სხვა გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე დავდგებით, შანსი გამთლიანებისაც გვეძლევა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს შექმნისაც!”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები