დღეს კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია 80 წლის გახდებოდა

დღეს კომპოზიტორი ბუთხუზ (ალექსანდრე) ბასილაია 80 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
„ალექსანდრე ბასილაიამ 1967 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია. 1963 წლიდან იგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი იყო ანსამბლ  „ივერიის“ ხელმძღვანელი და სოლისტი.
ალექსანდრე ბასილაია არის არაერთი საესტრადო სიმღერის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია „სიყვარულის ზღაპარი”, „გულო, ჩადექ საგულესა”, „ახალგაზრდული”, „მოგონებანი”, „სიმღერა საქართველოზე”, „თეთრი ფიფქები” და სხვ. ანსამბლ „ივერიისთვის” კომპოზიტორმა დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი” (1979), „არგონავტები” (1980), „შლაგერი, შლაგერი” (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი” (1986), „ფიროსმანი” და სხვ.
„ივერიასთან“ ერთად ალექსანდრე ბასილაიამ უამრავი კონცერტი გამართა, როგორც ყოფილი სსრკ-ის, ასევე სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).
2017 წელს სახელმწიფო ფილარმონიის წინ გაიხსნა ალექსანდრე ბასილაიას სახელობის ვარსკვლავი. ამავე წელს თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი. ალექსანდრე ბასილაიას1987 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსანდრე ბასილაიას წვლილს ქართული კულტურის განვითარებაში და გეგმავს მიმდინარე წელს მისი საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერას, რასთან დაკავშირებითაც კომპოზიტორის მეგობრებსა და კოლეგებთან ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები