დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი სანქციები ქვეყანაში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ახლა რუსი ჩინოვნიკები სამსახურების დატოვებაზე ოცნებობენ, თუმცა, ამის გაკეთებას ვერ ბედავენ, რადგან ეს ღალატს უტოლდება, ღალატისთვის კი “სიკვდილით სჯიან”.
ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უწყებებში მომუშავე თანამშრომელთა თითქმის მეოთხედი პოსტების დატოვებაზე უკრაინაში ომის დაწყებიდან ფიქრობდა.
თუმცა, ამ დრომდე ჯერ არ დაფიქსირებულა თანამდებობის “გახმაურებული” დატოვება და ამის ახსნა კრემლსა და მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებს აქვთ: “სამსახურიდან წასვლა ახლა გაქცევას უტოლდება. გაქცევისთვის კი სიკვდილით სჯიან”.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობასთან დაახლოებული წყაროები აღნიშნავენ, რომ ბევრმა მაღალჩინოსანმა და სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებმა არ იცოდა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის გეგმების შესახებ და არ ელოდა დასავლეთისგან ასეთ მკაცრ სანქციებს.
“ამას არავინ ელოდა. იმედი ჰქონდათ, რომ შედარებით მსუბუქი სანქციები იქნებოდა”, – ამბობს ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო.
Meduza წერს, რომ, ამ ფონზე, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკადრო დანიშვნა თუ გადაყვანა სხვა თანამდებობაზე შეჩერებულია – ეს ეხება როგორც ფედერალურ, ისე, გუბერნატორის თანამდებობებს.
„მთავარია, ყველა თავის ადგილზე იყოს, ახლა მერყეობის დრო არ არის“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო.
მისი თქმით, ამჟამად მხოლოდ ჰორიზონტალურად არის შესაძლებელი პოზიციების შეცვლა, მაგრამ არა – სახელისუფლებო ვერტიკალი, თუმცა, წლის დასაწყისში იგეგმებოდა „დიდი გადანაცვლების პაკეტი“, მათ შორის, მინისტრების დონეზე.