რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა ბოლო პერიოდში დატოვეს, შესაძლოა, უკან ვეღარ დაბრუნდნენ – რუსეთის დუმაში ინიციატივა შევიდა
რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს, შესაძლოა, უკან – სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ.
შესაბამისი ინიციატივით რუსეთის სათათბიროს მმართველი პარტიის – “ედინაია როსიას” დეპუტატმა, ოლეგ მოროზოვმა მიმართა.
მოროზოვის წინადადებით, ასეთ პირებს რუსეთის მოქალაქეობას არ ჩამოართმევენ, მაგრამ ისინი იქნებიან “არასასურველი პერსონა” რუსეთში.
რუსეთის მოქმედი კონსტიტუცია მოქალაქეებს არ უზღუდავს ქვეყნის დატოვებას და უკან დაბრუნებას.
მაგრამ, მოროზოვი ამბობს – „რატომ არ გავრცელდეს ცნება „არასასურველი პერსონა“, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და რომელიც დღეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება, რუსეთის მოქალაქეებზეც? ეს არ არის მოქალაქეობის ჩამორთმევა და, შესაბამისად, არ არღვევს კონსტიტუციას. მაგრამ ეს საშუალებას გაძლევთ, დროებით შეუზღუდოთ იმ მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა, რომლებმაც დატოვეს სამშობლო და ეწევიან საზღვარგარეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას. მოქალაქეობის ჩამორთმევაც არ იქნება საჭირო, უბრალოდ, განვსაზღვროთ კრიტერიუმები“.
მისი თქმით, „აუცილებლად უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ რადგან მსოფლიოში საზღვრები მეორე მხრიდან დაკეტილია, ისინი არც ამ მხრიდანაა ყველასთვის ღია“.