ზელენსკის პარტია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოდის.
„ხალხის მსახურში“ აცხადებენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების ნაცვლად უნდა გაფორმდეს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მონაწილეები აშშ, თურქეთი და რუსეთიც იქნებიან.
„ალიანსი მზად არაა უახლოესი 15 წლის განმავლობაში უკრაინის მისაღებად და ამაზე ღიად საუბრობს. ჩვენ არ გვაქვს მხარდაჭერა ალიანსისგან აბსოლუტურად სამართლიან ომშიც – მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისგან. ამიტომ უახლოეს წლებში ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია და ჩვენს სახელმწიფოს მხოლოდ კონსტიტუციაში საგარეო კურსთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერით ვერ დავიცავთ. კურსი პოლიტიკაა, მაგრამ არა შეიარაღება და თვითმფრინავები. საუბარი კონკრეტული უნდა იყოს. უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სრულ უსაფრთხოებას იქამდე, ვიდრე ნატო ჩვენს მისაღებად მზად არ იქნება. ეს ხელშეკრულება პრინციპულად უნდა განსხვავდებოდეს ბუდაპეშტის მემორანდუმისგან და უნდა შეიცავდეს კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ნაბიჯებს გარანტორი ქვეყნების მხრიდან“, – აცხადებენ „ხალხის მსახურში“.
პარტიაში თვლიან, რომ ასეთი გარანტორი ქვეყნები შეიძლება გახდნენ აშშ, თურქეთი, რუსეთი და უკრაინის სხვა მეზობელი ქვეყნები. მათი განცხადებით, ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი ვალდებული იქნება, აღიაროს უკრაინული სახელმწიფოებრიობა და უარი თქვას უკრაინის ხელისუფლებისადმი და ხალხისადმი მუქარებზე. ამასთანავე, „ხალხის მსახურში“ აცხადებენ, რომ უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დათმობს საკუთარ ტერიტორიას და არ დათანხმდება რაიმე სახის ულტიმატუმებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საკითხზე.