“რუსეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ცინიკური და მიუღებელია” – უკრაინაში მოსკოვის შეთავაზებას უპასუხეს
უკრაინის ვიცეპრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის წინადადება აბსურდული და მიუღებელია.
ამის შესახებ მან Telegram არხზე დაწერა.
„რუსეთმა უკვე ორჯერ ჩაშალა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა, მათი მიმართულებების დაბომბვით. ახლა კი რუსები ამბობენ, რომ მზად არიან გასახსნელად, ოღონდ – რუსეთის მიმართულებით. ანუ უნდათ, რომ ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიისკენ წავიდნენ. აბსურდი და ცინიზმი, რომელიც მიუღებელია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ვერეშჩუკმა მთელ ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რადგან უკრაინას სჭირდება ჰუმანიტარული დერეფნები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ომის ზონებიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და უცხოელების გასაყვანად.
მისი თქმით, გვიან ღამით უკრაინულმა მხარემ რუსეთიდან წერილი მიიღო, სადაც შეთავაზებულია „საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირადი თხოვნის გათვალისწინებით“, 7 მარტის 10:00 საათიდან გამოცხადებულიყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ყოფილიყო გახსნილი შემდეგი ჰუმანიტარული დერეფნები:
– კიევიდან: კიევი – გოსტომელი – რაკოვკა – სოსნოვკა – ივანკოვი – ორანოე – ჩერნობილი – გდენი – გომელი “თვითმფრინავით რუსეთში ტრანსპორტირებით”;
– ხარკოვიდან: ხარკოვი – ნეხოტეევკა – ბელგოროდი, შემდეგ კი, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით რუსეთში “შერჩეულ დანიშნულებამდე ან დროებითი განსახლების პუნქტებამდე”.
– სუმიდან: სუმი – სუჯა – ბელგოროდი, შემდეგ კი, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით რუსეთში “შერჩეულ მიმართულებამდე ან დროებითი განსახლების პუნქტამდე.
„ეს მიუღებელი ვარიანტია. ჩვენი ხალხი არ წავა ივანკოვიდან, დიმერიდან, ვიშგოროდიდან, კიევიდან ბელარუსში, რომ შემდეგ თვითმფრინავით რუსეთში მოხვდეს. იმედი მაქვს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ესმის, რომ მისი სახელით რუსეთში მანიპულირებენ”,- თქვა მან.
ვერეშჩუკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს დერეფნების საკუთარი მიმართულება შესთავაზა: ბუჩადან, ბოროდიანკადან, ირპენიდან, დიმერიდან, კიევის ოლქის ივანკოვიდან კიევის მიმართულებით, რკინიგზით შემდგომი გამგზავრებით ლვოვში, უჟგოროდში, ივანო-ფრანკოვსკში;
– დონეცკის ოლქის მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით: მარიუპოლი, პორტოვსკოე, მანგუში, რესპუბლიკა, რუზაევკა, ბელმაკი, პოლოგი, ორეხოვო, ზაპოროჟიე;
– დონეცკის ოლქის ვოლნოვახადან პოკროვსკის მიმართულებით: ვოლნოვახა, ვალერიანოვკა, ნოვოანდრიევკა, კირილოვკა, უგლედარი, პოკროვსკი;
– სუმიდან პოლტავას მიმართულებით: სუმი, გოლუბოვკა, ოლშანი, ნედრიგაილოვი, კოროვინცი, რომნი, ანდრიაშევკა, ლოხვიცა, ლუბნი, პოლტავა;
– ხარკოვის რეგიონის იზიუმიდან: იზიუმი, გრუშევახა, პანიუტინო, ლოზოვაია;
-ხარკოვის ოლქის ბალაქლეიდან: ბალაქლეია, გუსაროვკა, პერვომაისკი;
-ხარკოვის რეგიონის ლიპცადან და სტრელეჩიედან: სტრელეჩიე, ლიპცი, ცირკუნი, ბეჭედი, მერეფა;
-ხარკოვიდან სარკინიგზო გამგზავრებით ლვოვში, უჟგოროდში, ივანო-ფრანკოვსკში.