ღია ცის ქვეშ მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, მასშტაბური სანიტარული ჭრისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის მთელ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობიც 49 ჰექტარს მოიცავს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
შემდეგ პირველად, მიმდინარეობს ზეხმელი და ხმობადი მცენარეების სანიტარული ჭრისა და დასუფთავების სამუშაოები.
მსგავსი მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მუზეუმის სრულ ტერიტორიაზე ტარდება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არასოდეს ჩატარებულა. ვითარება არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც 2004 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს
შეუერთდა, რამაც გამოიწვია მწვანე ლანდშაფტის დაზიანება, ტერიტორია დაიფარა დაზიანებული ხე-მცენარეებითა და ეკალ-ბარდებით. ამასთან, სანიტარული ჭრისა და დასუფთავებისთვის საჭირო ხელსაწყოები და ინვენტარი ეთნოგრაფიულ მუზეუმს აღარც კი გააჩნდა და ისინი კულტურის სამინისტრომ
წელს შეიძინა. სანიტარული ჭრისა და დასუფთავების სამუშაოები 1 მარტს დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში მოხდება მწვანე საფარის მოწესრიგება, მერქნიანი მცენარეების გასუფთავება ხმელი ტოტებისგან, ფეხით სავალი ბილიკების მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა
და მოწესრიგება. პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, ეთნოგრაფიული მუზეუმი თანამშრომლობს დეკორატიული მცენარეების სანერგესთან „გარდენია შევარდნაძე”, რომლის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციითაც ხორციელდება ზემოხსენებული სამუშაოები.
კულტურის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს ეთნოგრაფიული მუზეუმის კვლავ სამუზეუმო-სამეცნიერო კერად გადაქცევა და მისთვის „მწვანე მუზეუმის” სტატუსის მინიჭებაც, რათა მან შეითავსოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე დასასვენებელი
სივრცის ფუნქცია.