თამაზ გაიაშვილი: დროა, გონს მოვეგოთ

“ჩვენი მწარე გაკვეთილიდან უკრაინელებმა საჭირო დასკვნა ვერ გააკეთეს და მოლიპულ გზას დაადგნენ, რამაც ისინი ჩვენსავით უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა”, – ამის შესახებ Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო კურსი თავიდან ბოლომდე, ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს.

“2022 წლის 22 თებერვალი ახალი გეოპოლიტიკური რეალობით გათენდა არა მარტო უკრაინისა და რუსეთისთვის, არამედ  – მთელი მსოფლიოსთვის. რვაწლიანმა ომმა და სისხლისღვრამ დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა ერთხმად მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ, ვინაიდან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. როგორც ვნახეთ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭომ იმსჯელა ამ საკითხზე, რის საფუძველზეც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას.
უკრაინა, რომელიც ტერიტორიით ევროპის უდიდესი სახელმწიფოა და რომელიც საბჭოთა პერიოდში, სოფლის მეურნეობით დაწყებული და მძიმე რეწველობითა და საავიაციო მშენებლობით დამთავრებული, ყოველმხრივ მოწინავე რესპუბლიკა იყო, ხოლო კულტურის, მეცნიერების, განათლების დონით მსოფლიოში გამოირჩეოდა, 2004 წლის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციისა და მაიდანის სახელით ცნობილი 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, წელში ვერ გაიმართა. ნაციონალისტური ტენდენციების გაღვივებაში, ნატო-სკენ აკვიატებულ სწრაფვაში, „სლავა უკრაინეს“ გაუთავებელ ძახილსა და რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში, ქვეყანა სამოქალაქო ომის გზას დაადგა. და, აი, შედეგიც…
საქართველოს ანალოგიური გზა აქვს გავლილი. ჩვენი მწარე გაკვეთილიდან უკრაინელებმა საჭირო დასკვნა ვერ გააკეთეს და მოლიპულ გზას დაადგნენ, რამაც ისინი ჩვენსავით უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა. ახლა კვლავ ჩვენი ჯერი დადგა. თავის დროზე საკუთარი მწარე გაკვეთილიდან დასკვნა თუ ვერ გავაკეთეთ, თოთხმეტი წლის გასვლის შემდეგ, უკრაინის მაგალითიდან მაინც გავაკეთოთ ის დასკვნა, რომ რუსეთთან, ვისთანაც 600-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს, დაპირისპირება ხეირს არ მოგვიტანს. „რუსეთი აქეთ გვიპირისპირდება“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ა. შ. არასწორი მსჯელობაა. რუსეთის ოკუპანტობა რუსეთის მოწინააღმდეგე სამხედრო ბანაკისკენ ჩვენი გაუთვლელი და ჩვენთვისვე დამანგრეველი სწრაფვის შედეგია. გამოაცხადა რუსეთმა, რომ საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების (ამ შემთხვევაში, რუსეთის) ხარჯზე არავინ არ უნდა ეძებოს. რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ნატო-სკენ სწრაფვა ჩვენი ხელით ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვართან მიტანას ნიშნავს. საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას რომ დადგომოდა, დღეს ტერიტორიულად მთლიანი, ეკონომიკურად აღორძინებული და წელშიგამართული სახელმწიფო იქნებოდა. დროის დინებას ვეღარ შემოვაბრუნებთ, მაგრამ ახლა გასაკეთებელი ახლა უნდა გავაკეთოთ. თითქმის არაფრისმომტანია ჟენევის ფორმატი. სასწრაფოდ არის დასაწყები რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობა, აღსადგენია სრულფასოვანი სატრანსპორტო კომუნიკაცია, დაუყოვნებლივ აღსადგენია სარკინიგზო მაგისტრალი. ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და არა ის, რა გზასაც საქართველო და უკრაინა დღემდე ადგნენ და, რამაც ორივე სახელმწიფო ნგრევამდე მიიყვანა. უკრაინის პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ საქართველოს საგარეო კურსი თავიდან ბოლომდე, ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს.
დროა, გონს მოვეგოთ!”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები