„ქარი მწყურია მე პირდაპირი“ – 21 თებერვალი მურმან ჯინორიას დაბადების დღეა

21 თებერვალი მსახიობ მურმან ჯინორიას დაბადების დღეა. მას დღეს 75 წელი შეუსრულდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იუბილეს ულოცავს მსახიობ მურმან ჯინორიას და ახალ შემოქმედებითს წარმატებებს უსურვებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„არიან მსახიობები, რომელთა სახელები მხოლოდ კონკრეტულ როლებს გაგვახსენებენ.
მურმან ჯინორიას ხსენებაზე კი, უპირველესად, ის დარგი გვაგონდება, განსაკუთრებული თავდადებით რომ ემსახურება: მხატვრული კითხვა.
ეს მისი სტიქიაა.
მისი საზოგადო მოღვაწეობის ასპარეზი.
აქ მიაღწია ოსტატობის უმაღლეს ხარისხს.
რასაკვირველია, მას აქვს შთამბეჭდავი როლები, თანაც, მიხეილ თუმანიშვილისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში.
შექმნილი აქვს მართლაც დაუვიწყარი სახე სატელევიზიო სპექტაკლში – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.
მის ბიოგრაფიას უამრავი კინოროლიც ამშვენებს.
აქვს თავისი სპექტაკლიც – „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, რომელსაც მრავალი წელია, სრული ანშლაგი ახლავს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.
ამ სპექტაკლით, მურმან ჯინორია არა მხოლოდ მაღალი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით გვხიბლავს, იმაშიც გვარწმუნებს, თუ რა ცოტაა 75, როცა კვლავაც ქარი გწყურია, თანაც პირდაპირი.
დაე, კვლავაც დიდხანს სწყუროდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები